ჯერემი რენერი

ჯერემი რენერის ყოფილი ცოლის თქმით, მსახიობს მისი მოკვლა უნდოდა

ჯერემი რენერის ყოფილმა ცოლმა, სონი პაჩენკომ, სასამართლოს მიმართა და მოითხოვა მსახიობისთვის მათ საერთო შვილთან - ავასთან ურთიერთობის შეზღუდვა. ის ამტკიცებს, რომ რენერი ვერ მოუვლის შვილს, რადგან ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მოიხმარს და არაფხიზელ მდგომარეობაში პაჩენკოს და საკუთარი თავის მოკვლაც სურდა. 

პაჩენკომ სასამართლოში განაცხადა, რომ 2018 წელს, როდესაც რენერი დროს კლუბში ატარებდა, მან თავის მეგობრებს უთხრა, რომ ყოფილი ცოლის თავიდან მოშორება სურს. ერთხელ კი, როდესაც ავას ეძინა საკუთარი თავის მოკვლა სცადა, იარაღი პირში ჩაიდო, თუმცა საბოლოოდ ჭერში გაისროლა. 

ასევე, პაჩენკო ამბობს, რომ მათი შვილის ძიძასაც გაუგია რენერისგან მუქარა. ერთხელ მსახიობმა თქვა, რომ ურჩევნია ავას საერთოდ არ ჰყავდეს მშობლები, ვიდრე ისეთი დედა, როგორც სონია. ყველაფერთან ერთად, რენერის ყოფილი ცოლი ამტკიცებს, რომ მსახიობი შვილთან ურთიერთობისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ერთხელ კოკაინი ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დატოვა. 

რენერი თავს იცავს და ამბობს, რომ ყველა ბრალდება მოგონილია და პაჩენკოს მხრიდან, შეუმდგარი ქორწინების შემდეგ, მისგან ფულის გამოძალვის მცდელობაა. მსახიობმა აღნიშნა ისიც, რომ სამი თვის განმავლობაში იკეთებდა ანალიზებს, რომლებმაც დაამტკიცა, რომ მის სისხლში ნარკოტიკული საშუალებების კვალი არ აღინიშნება. რენერის თქმით, ერთადერთი ვისაც ნარკოტიკებთან პრობლემები აქვს სწორედ პაჩენკოა. 

რენერი ფიქრობს, რომ პაჩენკოს მისი სამსახიობო კარიერის დანგრევა სურს, ასევე მან სასამართლოში თავისი ყოფილი ცოლისთვის შვილთან ურთიოერთობის შეზღუდვა მოითხოვა, რადგან დარწმუნებულია, რომ პაჩენკოს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს.

 

კომენტარები