პოლიტიკური დევნა

გოცირიძე: დღეს ამინისტიის თემის აწევა ოპოზიციაში ხელოვნური დაპირისპირების შექმნას ნიშნავს

ტაბულა

"დღეს ამინისტიის თემის წამოწევა ნიშნავს ხელოვნური დაპირისპირების შექმნას წამყვან ოპოზიციურ პარტიებს შორის," - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ხელიშუფლების შეცვლის შემთხვევაში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. გოცირიძე ამბობს, რომ ნებისმიერი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

"ჩვენ ძალიან ხმამაღლა და თვალნათლივ განვაცხადეთ, რომ საქართველოში არ უნდა მოხდეს არასდროს პოლიტიკური დევნა.ამავე დროს საქართველოში არასდროს არ უნდა შერჩეთ დამნაშავეებს დანაშაული. არ იქნება პოლიტიკური დევნა, მაგრამ არ ეპატიებათ დანაშაული იმათ, ვინც ჩაიდინა," - ამბობს გოცირიძე.

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამ თემასთან დაკავშირებით 13 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარის ეთერშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. "მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ,"- თქვა ბოკერიამ. მან ასევე განმარტა, რომ "დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის გარეშე არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება."

კომენტარები