პოლიტიკური დევნა

აბესაძე შეწყალებაზე: მოუწიათ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება, სხვა გზა არ ჰქონდათ

როგორც უნდა იმართლოს თავი ქართულმა ოცნებამ, რომ მონაწილეობა არ მიუღია უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებაში, როგორც უნდა ახსნას და კრიტიკულად შეაფასოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიღებული იქნა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ სიტუაციისთვის, რასაც მოითხოვდა, როგორც ქართული საზოგადოება, ისე ჩვენი ქვეყნის მეგობარი პოლიტიკოსები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. 

ამ გადაწყვეტილებამ გახსნა ფანჯარა იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაგრძელდეს, იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მოიაზრებოდა 8 მარტის შეთანხმებაში, გიორგი რურუა, ასევე გათავისუფლდება. 

ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას უკვე ექნება შესაძლებლობა და ასპარეზი იმისთვის, რომ გადავერთოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მივიყვანოთ ბოლომდე 8 მარტის შეთანხმება და მეტ-ნაკლებად ნორმალურ საარჩევნო გარემოში დავამარცხოთ ივანიშვილი, რომელმაც დაკარგა უკვე ქართული საზოგადოების ნდობაც და როგორც აღმოჩნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნდობაც. 

ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან. მათ უბრალოდ სხვა გზა აღარ ჰქონდათ, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს ისინი ქვეყანაში ვერ გააგრძელებდნენ. ამას მათ ახვედრებდა როგორც ქართული ოპოზიცია, ისე საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებები. ამ სიტუაციაში მათ მოუწიათ იმ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომელზედაც გაჯიუტნენ დიდი ხნის განმავლობაში და ამით აზიანებდნენ ქვეყნის ინტერესებს.

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე.

კომენტარები