ცოლის მკვლელობა

პატიმრობა შეეფარდა ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს

გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიომრობა შეუფარდა 32 წლის მამაკაცს, რომელმაც 11 ოქტომბერს ხაშურში ყოფილი მეუღლე მოკლა.

ირაკლი დეკანოიძე გუშინ, 12 ოქტომბერს დააკავეს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

გამოძიების ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა დეკანოიძემ ყოფილ ცოლს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა - და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი დეკანოიძე წაყენებულ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მისი თქმით, მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. სასამართლო სხდომა 6 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები