უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

გაწყვეტს თუ არა მოსკოვის საპატრიარქო საბერძნეთის ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირს?

govoritmoskva.ru

საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უფლებამოსილება, მიენიჭებინა ავტოკეფალია უკრაინის ეკლესიისთვის, რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდი უპასუხებს.

რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მღვდელი ნიკოლაი ბალაშოვი ამბობს, რომ "ამ გადაწყვეტილების შედეგებს რუსეთისა და ელადის ეკლესიებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით შეაფასებს მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი".

რუსეთი უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას სქიზმატურს უწოდებს და მასთან თანაზიარებაში შესვლისა და "რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე" შეჭრის გამო, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი აქვს გაწყვეტილი. მეტიც, მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ამ გადაწყვეტილების გამო თავადაც სქიზმაში იმყოფება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა სრულად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან, სასულიერო დასთან და ერისკაცებთან.

"თანაზიარებაში მიღება სქიზმატებისა და სხვა ეკლესიის მიერ ანათემირებული პირების, მთელი მათ მიერ ხელდასხმული "ეპისკოპოსებითა" და "სასულიერო დასით", სხვისი კანონიკური ტერიტორიების მიტაცება, მცდელობა უკან წაიღო საკუთარი ისტორიული გადაწყვეტილებები და მოვალეობები - ყოველივე ამას გაჰყავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კანონიკური ველიდან და ჩვენი დიდი მწუხარების მიუხედავად, შეუძლებელს ხდის ვიყოთ ევქარისტიულ კავშირში მის იერარქებთან, სამღვდელოებასა და ერისკაცებთან", - ნათქვამი იყო რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებაში.

რუსეთის ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაური - პატრიარქი ფილარეტი და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - მაკარ მალეტიჩი, ისევე, როგორც ამ ორი, იმ დრომდე არაკანონიკურად მიჩნეული ეკლესიის მრევლი მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიასთან სრულ თანაზიარებაში აღდგა. 

კონსტანტინოპოლის სინოდმა განაცხადა, რომ მას აქვს უფლება მიიღოს აპელაციები ნებისმიერი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისგან და თქვას გადამწყვეტი სიტყვა. 

იმავე სინოდის გადაწყვეტილებით, გაუქმდა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს გადასცემდა უფლებას დაენიშნა კიევის მიტროპოლიტი. 

მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინოპოლი ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოსკოვში სქიზმატად გამოაცხადეს, მათ არ გაუწყვიტავთ თანაზიარება არც ერთ ეკლესიასთან, ვინც კონსტანტინოპოლთან, ანუ, მათი პერსპექტივით სქიზმატურ ჯგუფთან თანაზიარებაში იმყოფება. ევქარისტიული კავშირი კი კონსტანტინოპოლთან არ გაუწყვიტავს არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ არც უკრაინის ავტოკეფალია უღიარებიათ. შესაბამისად, მოსკოვი თანაზიარებაში არ არის "სქიზმატ" კონსტანტინოპოლთან, რადგან ის თანაზიარებაშია "სქიზმატ" უკრაინასთან, თუმცა, თააზიარებაშია იმასთან, ვინც თანაზიარებაშია "სქიზმატ" კონსტანტინოპოლთან.

ამდენად, დარღვეული კანონიკური ლოგიკის გამო, რთული სავარაუდოებელია, გაწყვეტს თუ არა ევქარისტიულ კავშირს მოსკოვის საპატრიარქო საბერძნეთის ეკლესიასთანაც, რომელიც, ასევე აღიარებს მათივე თვალთახედვით "უკრაინელ სქიზმატებს" და იმყოფება "სქიზმატებთან თანაზიარებაში".

მძიმე სანქციების გამოყენება ძვირი ჯდება, ფაქტია, რომ კონსტანტინოპოლთან ევქარისტიის გაწყვეტამ, ამ დროისთვის, მინიმუმ ერთი ეკლესიისთვის პრევენციული მიზანი ვერ შეასრულა, ამდენად, შესაძლოა, ათენთან ევქარისტიის გაწყვეტა უფრო თვითიზოლაცია აღმოჩნდეს, ვიდრე არაღიარების ჭკვიანური პოლიტიკა.

კომენტარები