ტაიფუნი

ტაიფუნ "ჰაგიბისის" გამო, ტოკიოს სანაპიროსთან პანამური სატვირთო გემი ჩაიძირა

https://english.kyodonews.net/

ტაიფუნ "ჰაგიბისის" გამო ტოკიოს სანაპიროსთან პანამური სატვირთო გემი ჩაიძირა.

იაპონური სააგენტო "კიოდო"-ს ცნობით, გემზე 12 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან დაიღუპა ერთი, 7 კი დაკარგულად ითვლება. ეკიპაჟის წევრები მიანმარის, ვიეტნამის და ჩინეთის მოქალაქეები არიან. 

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში იაპონიის სანაპირო დაცვა და საგანგებო სამსახური მონაწილეობს.

ბოლო მონაცემებით, ტაიფუნს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 11 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. 

ტაიფუნმა ჰაგიბისმა იაპონიის სანაპიროს შაბათს, 12 ოქტომბერს საღამოს მიაღწია. ტალღის სიჩქარემ საათში 225 კილომეტრს მიაღწია.

ჰონსიუს კუნძულზე იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ 12 პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში ყველაზე მაღალი სიფრთხილის ზომები გამოსცა. ზოგიერთ პრეფექტურაში ამ რაოდენობის წვიმა ათწლეულებში ერთხელ მოდის. რეკორდული რაოდენობის წვიმა წამოვიდა იცუს ნახევარკუნძულსა და კანტოს რეგიონში, რაც ტოკიოსაც მოიცავს

ყველაზე მძიმე სიტუაცია ნაგანოს პრეფექტურაშია, სადაც მდინარე სინანო ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

ქვეყანაში 425,000 ოჯახი ელექტროენეტგიის გარეშეა დარჩენილი

იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია და სამინისტროებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით აუცილებელი ზომების გატარება დაავალა. 

ტოკიოში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია. იაპონური მედიის ინფორმაციით, ათასზე მეტი ფრენა გაუქმდა.

იაპონიას ტაიფუნი თავს სექტემბერშიც დაატყდა. მაშინ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

იაპონიაში 1958 წლის შემდეგ ეს, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს. ტოკიოს ტერიტორიასა და შიცოუკას პრეფექტურაში 1958 წელს ტაიფუნს "კანოგავა" 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს საელჩო იაპონიაში ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი ტაიფუნზე აფრთხილებს.

საქართველოს საელჩო იაპონიაში მოქალაქეებს სთხოვს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. საჭიროების შემთხევავში, მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე შეეძლებათ: +81 70 3180 560

კომენტარები