უზენაეს სასამართლოში დასანიში მოსამართლეები

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

იმედი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 9 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-8 კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს მოუსმენს.

ოპოზიციის თქმით, მთავარი საკითხი, რაზეც მწვავე კითხვებს დასვამენ, მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემებს შეეხება და ასევე, ყურადღება გამახვილდება თადუმაძის უმაღლეს დიპლომზე. 

ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, მოქმედ გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.

მისი ბიოგრაფიის თანახმად, სწორედ აქ, ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.

ამასთან, თადუმაძეს ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა, მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული.

გარდა ამისა, თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მას 1993 წელს ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში.

საერთაშორისო გამჭვირვალობაში აღნიშნავენ, რომ საჯარო უწყებები თვეების მანძილზე არ გასცემდნენ ინფორმაციას თადუმაძის უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით.

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. პარლამენტი სულ 20 კანდიდატს მოუსმენს.

კომენტარები