უზენაეს სასამართლოში დასანიში მოსამართლეები

ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ივანიშვილთან და ბესელიასთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა

პირველი არხი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა და დაადასტურა, რომ მასთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდა. შეხვედრაზე მოსამართლეების დანიშვნის თემა განიხილებოდა.  

ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გამართულ არაერთ შეხვედრას დასწრებია. მისი თქმით, მისთვის, როგორც სხვა მრავალი კოლეგისთვის, "მიუღებელი იყო მოსამართლეების ისე დანიშვნა, როგორც ეს საბჭომ დეკემბერში მოინდომა". მისივე თქმით, სიის ჩავარდნა ერთიანი პოზიციის დამსახურებაა და არა რომელიმე ერთი ადამიანის.  

"ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა,"-წერს ის.  

მიუხედავად ამისა, ჩუგოშვილი არ აკონკრეტებს, ითხოვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიასგან ჩინჩალაძისა და სხვა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების მხარდაჭერას.

ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ,"-წერს თამარ ჩუგოშვილი.  

ჩუგოშვილის თქმით, ის, რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას, არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს მხარს დაუჭერს. 

"ამ თემაზე და განსაკუთრებით ძველი შეხვედრების გარჩევაზე მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ნათლად ვთქვი და ამით დავასრულე. სანამ პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანძღა-გინებითაა დაკავებული ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს და მე საქმის კეთებაში მირჩევნია დროის დახარჯვა,"- წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.  

თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურება უმძიმესი დანაშაულია და ამ საკითხში ეკა ბესელიას, როგორც მსხვერპლის მიმართ, სოლიდარულია. მისივე თქმით, არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა მოსაწონი, თუმცა ესმის, მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს.

ცნობისთვის, დეპუტატმა ეკა ბესელიამ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოსამართლეების დანიშვნის თემაზე მასთან ერთად თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. მისივე თქმით, როდესაც მან ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, თხოვნაზე, მხარი დაეჭირა ჩინჩალაძის კანდიდატურისთვის, უარი განაცხადა, ჩუგოშვილიც ამ პოზიციაზე იყო. ბესელიას თქმით, ის არ შეთანხმებულა ჩუგოშვილთან, რომ ამ შეხვედრის ამბავს ოდესმე საჯაროდ მოყვებოდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი თავდაპირველად 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრი იყო.

სწორედ ეს სია გახდა ქართული ოცნების გუნდში დაპირისპირების საგანი, რასაც შედეგად ეკა ბესელიასა და კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ პარტიიდან წასვლა მოჰყვა.

კომენტარები