ილია ჯიშკარიანი

კალაძე ჯიშკარიანზე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვას იგივე ბრალდება წაუყენოს, დაველოდოთ

Facebook/ ილია ჯიშკარიანი ისნის რაიონის მაჟორიტარი Ilia Jishkariani

თბილისის მერს, კახა კალაძეს, საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებაზე ჰკითხეს, რომელსაც თანამშრომელი ქალი სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

კალაძე ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია ეს ბრალდებები, რადგან მისი თქმით, ჯიშკარიანს რამდენიმე წელია იცნობს. 

"წარმოუდგენელია ადამიანს ეგეთი რაღაც ჩაედინა, არ ვიცი. რამდენიმე წელია ვიცნობ, ვიცი, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს იგივე ბრალდება წამოუყენოს, ხო? ამას სჭირდება მტკიცებულებები, სჭირდება გამოძიება და დაველოდოთ,"- ამბობს თბილისის მერი. 

კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჯიშკარიანის მიმართ არსებული ბრალდება დადასტურდება, მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება. 

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა ქალმა თამთა თოდაძემ სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა. 

ჯიშკარიანის თანაშემწე ყვება, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როგორც ქალი ყვება, უარის მიღების შემდეგ, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი დაუფშვნა. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126 - ძალადობა; მუხლი 138 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება.

თავად ჯიშკარიანი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს და ტვ პირველთან საუბრისას თქვა, რომ შეუძლოდაა. 

კომენტარები