ილია ჯიშკარიანი

ოცნების დეპუტატი ძალადობის ბრალდებაზე: შეუძლოდ ვარ, ვერაფერს ვერ გეტყვით

Facebook: ილია ჯიშკარიანი ისნის რაიონის მაჟორიტარი Ilia Jishkariani

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა, რომელსაც თანამშრომელი ქალი ფიზიკურ ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, თქვა რომ "შეუძლოდ არის" და კომენტარს ვერ გააკეთებს. 

"არ ვაკეთებ კომენტარს, შეუძლოდ ვარ და ნიუ ჰოსპიტალში ვარ და ვერაფერს ვერ გეტყვით"- უთხრა დეპუტატმა ტვ პირველის ჟურნალისტს. 

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ქალის ბრალდებას, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა, ჯიშკარიანმა არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა. 

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, თანამშრომელმა ქალმა თამთა თოდაძემ სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა. 

ჯიშკარიანის თანაშემწე ყვება, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და თანაშემწესთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როგორც ქალი ყვება, უარის მიღების შემდეგ, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი დაუფშვნა. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126 - ძალადობა; მუხლი 138 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება. 

კომენტარები