ილია ჯიშკარიანი

ძალადობაზე უნდა დაისაჯოს ყველა - წილოსანი ოცნების დეპუტატის მიმართ ძალადობის ბრალდებაზე

ძალადობაზე უნდა დაისაჯოს ყველა - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანამშრომლის განცხადებას, რომ დეპუტატმა მასზე ფიზიკურად იძალადა და გაუპატიურება სცადა. 

წილოსანმა Facebook-ზე დაწერა, რომ იმედი აქვს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები რეაგირებას დროულად მოახდენენ.

"ეხლა ვუყურე სიუჟეტს .. საშინლად მძიმე მოსასმენი იყო თითეული სიტყვა, რასაც ახალგაზრდა ქალი ყვებოდა მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროვების და ძალადობის ფაქტზე. ძალიან ვფრთხილობ ვინმეს უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დავარღვიო , მაგრამ ძალადობაზე უნდა დაისაჯოს ყველა - განურჩევლად მისი თანამდებობრივი თუ პოლიტიკური კუთვნილებისა.. და იმედია სამართალდამცავი სტრუქტურები დროულად განახორციელებენ შესაბამის რეაგირებას.."- წერს წილოსანი. 

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, თანამშრომელმა ქალმა თამთა თოდაძემ სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა. 

ჯიშკარიანის თანაშემწე ყვება, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და თანაშემწესთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როგორც ქალი ყვება, უარის მიღების შემდეგ, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი დაუფშვნა

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126 - ძალადობა; მუხლი 138 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება. 

კომენტარები