საქართველო - რუსეთი

ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე: დღეს რომ მკითხოთ, იმავე ნაბიჯს აუცილებლად გადავდგამდი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მათ შორის შეხვედრა შვეიცარიული მხარის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

"რამდენიმე დღით ადრე, ამ შეხვედრამდე, მე მქონდა შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელმაც ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ ხომ არ იქნებოდა განხილული ჩვენი მხრიდან ამ შეხვედრის შესაძლებლობა გაეროს ფორმატის ფარგლებში, შვეიცარიელების ინიციატივით, მათი ორგანიზებითა და შუამდგომლობით. რა თქმა უნდა ეს ჩვენი მხრიდან იყო განხილული და დავთანხმდით ამ შეხვედრაზე. რატომაც არა, როდესაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს გაეროს ფორმატში. იქ ყველა ყველას ესაუბრება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და რატომაც არა, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა. ამას ასევე მოჰყვა ოფიციალური განცხადებები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, სადაც წერია, რომ შვეიცარიის ინიცირებული იყო. პირველი იყო შვეიცარიის განცხადება, და ამას მოჰყვა კიდევ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე განცხადება, სადაც ამაზე ასევე არის საუბარი. ამიტომ, ეს მხოლოდ ინსინუაციები და სპეკულაციებია. დღეს რომ მკითხოთ, იმავე ნაბიჯს აუცილებლად გადავდგამდი", - თქვა დავით ზალკალიანმა.

25 სექტემბერს სერგეი ლავროვმა კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს.

განცხადების მეორე დღეს, 26 სექტმებერს, დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. 

მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. 28 სექტემბერს კი რუსულმა მედიამ სერგეი ლავროვის ნათქვამი გაავრცელა, რომ შეხვედრა ზალკალიანმა მოითხოვა. 

ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო პირისპირ. 

კომენტარები