საქართველო - რუსეთი

ზალკალიანი: ეუთოს წევრი რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში

დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე ისაუბრა. ზალკალიანმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე ილაპარაკა.

"გლობალური პანდემიის დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ეუთოს ტერიტორიაზე არსებულმა კონფლიქტებმა მოწყვლადი საზოგადოებები განსაკუთრებით რთულ პირობებში ჩააყენა. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში წარმოდგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. საგანგაშოა, რომ ეუთოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია, კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში". – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ქმედებებზე, ასევე ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და დამკვირვებელთა მექანიზმების არსებობის მნიშვნელობას.

ზალკანიანმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს მის სამხედრო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებში გააერთიანოს საქართველოს რეგიონები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის, აწარმოებს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკას. საქართველომ სრულად შეასრულა, ევროკავშირის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მრავალჯერ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება. საქართველო აღნიშნულთან დაკავშირებით კვლავ ითხოვს რუსეთის მხრიდან საპასუხო ვალდებულების შესრულებას.

"კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები და დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ორივე რეგიონში, გაიყვანოს სამხედრო ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები". – თქვა ზალკალიანმა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან გააქტიურებულ, როგორც ჰიბრიდულ ომზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიაზე, ისე გახშირებულ კიბერთავდასხმებზე საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიისა და კერძო სექტორის წინააღმდეგ. ზალკალიანმა ისაუბრა ლუგარის კვლევითი ცენტრის დისკრედიტირების მიზნით რუსეთის მიერ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე.

კომენტარები