შრომითი კანონმდებლობა

მორიგი რეგულაცია — ახალი კანონპროექტით ზეგანაკვეთური სამუშაო დღეში მაქსიმუმ 2 საათია

kepeth.gr

პარლამენტში დარეგისტრირდა ახალი კანონპროექტი, რომლითაც დგინდება ზეგანაკვეთური საათების მაქსიმალური ოდენობა. კანონპროექტის ავტორები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, დავით გაბაიძე და ილია ვერძაძე არიან. 

ავტორების თქმით, აუცილებელია შრომის კოდექსში ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც დაავალდებულებს დამსაქმებელს სამუშაო ცვლების იმგვარად მოწესრიგებას დაავალდებულებს, რომ დასაქმებულებს ადექვატური დასვენების დრო ჰქონდეთ.

ავტორები გამოდიან ინიციატივით დადგინდეს ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტი დღეში 2 საათით და კვირაში მაქიმუმ 8 საათით. ავტორების აზრით, კიდევ უფრო უნდა შეიზღუდოს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების რაოდენობა სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებში. ამ ტიპის საწარმოებში ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს.

ამავდროულად ავტორების აზრით, შესაძლებელია ამ ცვლილებამ მოახდინოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ მოსალოდნელია საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება. რადგანაც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შემცირდება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების რაოდენობა, რაც თავის მხრივ შეამცირებს დასაქმებულების ანაზღაურებას. ეს საბოლოოდ ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს შეამცირებს. 

მიუხედავად ამისა, ავტორების აზრით, კანონის მიღება აუცილებელია დამსაქმებელისა და დასაქმებულის ინტერესების დასაბალანსებლად, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის  დასაცავად. 

ილია ვერძაძისა და დავით გაბაიძის აზრით შესაძლოა არსებობდეს შემთხვევები, როდესაც ცალკეული მოქალაქეები კვირაში 84 საათი მუშაობდნენ, რაც მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. აქედან გამომდინარე აუცილებელია, ამ სფეროს მკაცრი რეგულირება რათა არ დაირღვეს დასაქმებულთა უფლებები. 

ცნობისთვის, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილელების შესახებ მომზადებულია კიდევ ერთი წინადადება, რომელიც დიმიტრი ცქიტიშვილს ეკუთვნის. ქართული ოცნების დეპუტატის წინანადება აწესებს კვირაში სამუშაო საათების მაქსიმუმს ერთ ან რამდენიმე სრულ და/ან არასულ სამუშაო განაკვეთებზე. 

ცქიტიშვილის კანონპროექტი ჯერჯერობით არ დარეგისტრირებულა, როგორც დეპუტატმა ტაბულასთან საუბარში განაცხადა წინადადება დამუშავების პროცესშია და მისი ინიცირება ოქტომბრის პირველ ნახევარში მოხდება.

 

კომენტარები