შრომითი კანონმდებლობა

ICC ეწინააღმდეგება შრომითი მიგრაციის შესახებ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას

Getty Images

საერთაშორისო სავაჭრო პალატის შრომითი ურთიერთობების კომიტეტი 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ეწინააღმდეგება ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ბიზნესს უცხოელი კადრების აყვანის შემთხვევაში დამატებითი რეგულაციები უწესდება. 

სავაჭრო პალატის კომიტეტის სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კომიტეტის დასკვნით, კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოში ოპერირებად კერძო სექტორზე და ზიანს მიაყენებს საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატს. "უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ქვეყანაში ბიზნესგარემო მძიმე ვითარებაშია: ერთის მხრივ, საქართველო იბრძვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, მეორეს მხრივ კი, აწესებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის მეტად საზიანო რეგულაციებს", - ნათქვამია სავაჭრო პალატის განცხადებაში.

ახალი კანონპროექტის მეოთხე და მეთექვსმეტე მუხლები დამქირავებელს ავალდებულებს, უცხოელი მუშაკის მოწვევის/დაქირავების მოთხოვნა შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში დაარეგისტრირონ. პალატის დასკვნით, ეს პროცედურები საქართველოში ბიზნესსაქმიანობას შეაფერხებს. კომიტეტის დასკვნით, ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნას არ წარმოადგენს. 

საერთაშორისო ინვესტორები ხშირად ადგილობრივ კადრებთან ერთად უცხოეთიდან მოწვეული კადრების დასაქმების უფლებასაც ითხოვენ. აღნიშნული კანონი კი მათთვის ახალი პროცედურული ბარიერი იქნება, რომლის გამოც ზოგიერთმა ინვესტორმა საქართველოდან გასვლა შეიძლება გადაწყვიტოს, რაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში შემოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შეამცირებს. 

კომენტარები