რუსეთ-საქართველო

"კოლაბორაციონიზმი სირცხვილია" - 11:30-ზე ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრას გააპროტესტებენ

დღეს, 11:30 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას გააპროტესტებენ.

"მსგავსი შეხვედრა, 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ პირველად მოეწყო ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

რუსეთის ოფიციალურ პირებთან მსგავსი შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას არ იღებენ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები, საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ივანიშვილის რეჟიმის კოლაბორაციონისტული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება" - აცხადებს ანტისაოკუპაციო აქცია "სირცხვილია".

რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა ქართული მხარეს სურდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მასა და მინისტრ ზალკალიანს შორის გამართული შეხვედრა თავად მინისტრმა ზალკალიანმა მოითხოვა. 

"შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა, რომელიც მან მოითხოვა. სხვა საკითხებს შორის, მას აინტერესებდა, როდის არის შესაძლებელი ამ [საჰაერო] კომუნიკაციის აღდგენა [საქართველოსა და რუსეთს შორის]," - განაცხადა ლავროვმა. 

კომენტარები