ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგი გლობალური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მსვლელობას შეუერთდა, აქციას არბევენ

REUTERS

29 სექტემბერს ჰონგ-კონგსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში გლობალური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართა.

ჰონგ-კონგელი მომიტინგეები გუშინ პოლიციასთან დაპირისპირების დროს აქციის ძალადობრივად დაშლის გასაპროტესტებლად და უცვლელი 5 მოთხოვნით "არც ერთით ნაკლები" გამოვიდნენ.

აქციის მიმდინარეობისას, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიცია აქციას წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით არბევს.

მომიტინგეები ბარიაკადებს აგებენ და პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილებს" ესვრიან. ისინი ნიღბებითა და ქოლგებით იცავენ თავს. ზოგიერთი მომიტინგე პოლიციის ნასროლ ცრემლსადენ გაზს უკან პოლიასვე ესვრის. ზოგიერთი მომიტინგე პარალელურად ჩინეთის ბანკის ბანკომატის კამერებს აზიანებს.

დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე. ერთერთ მომიტინგეს თვალი, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიისგან დაუზიანდა. 

მეტრო და ზოგიერთი მაღაზია დაკეტილია.რამდენიმე მაღაზიაში მომიტინგეებს შესვლისა და თავის შეფარების ნება დართეს. 

ათასობით ჰონგ-კონგელის პარალელურად, დაახლოებით, ორასმა ჩინეთის მომხრე პირმა კონტრაქცია გამართა ჩინეთის ჰიმნის სიმღერითა და "მე მიყვარს ჩინეთის" სკანდირებით.

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის მთავარმა მდივანმა მეთიუ ჩეუნგ კინ ჩუნგმა თქვა, რომ "ჰონგ-კონგი დასავლური დემოკრატიისა და ჩინური დიქტატურის ფრონტის ხაზზეა. ჰონგ-კონგი უფრო და უფრო ემსგავსება პოლიციურ სახელმწიფოს".

1-ელ ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70-ე წლისთავზე მასშტაბური აქცია არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება. 

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, სამმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. "5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები" - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში ჩინეთის ჯარი შევიდა და როტაცია განახორციელა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები