საქართველო - რუსეთი

ნოდია: შეხვედრის შთაბეჭდილებით, საქართველო რუსეთის წნეხს დაექვემდებარა და დათმობაზე წავიდა

პოლიტიკური მიმომხილველი გია ნოდია გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანის შეხვედრას თავის Facebook გვერდზე გამოეხმაურა:

"ზოგადად, იმაში არაა პრობლემა, რომ ქვეყნის საგარეო მინისტრი თუნდაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება. შეიძლება, საჭიროა და ხვდება, ამისთვისაა დიპლომატია. მაგრამ ეს ზოგადად. კონკრეტულად, ახლა რატომ შეხვდა? რატომ დადგა ახლა ამის აუცილებლობა? რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა შეხვედრას? თერთმეტი წელი რომ არ ყოფილა შეხვედრა მინისტრების დონეზე, ახლა რა შეიცვალა?

პრობლემა იმაშია, რომ, როცა რუსეთთან ურთიერთობას ეხება საქმე (სხვა საკითხებშიც, ცხადია, მაგრამ ახლა ამაზე ვლაპარაკობთ) მთავრობა ნდობას არ იმსახურებს. როგორ ესმის მას საქართველოს ეროვნული ინტერესი და როგორ იცავს მას? ზოგადი შთაბეჭდილება ამ შეხვედრიდან ისეთია, რომ საქართველო რუსეთის წნეხს დაექვემდებარა და დათმობაზე წავიდა. თვისთავად შეხვედრის ფაქტიც დათმობაა და შეხვედრაზე კიდევ რაზე შეთანხმდნენ, ღმერთმა იცის.

ამ შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ შეიძლება ფრენებზე ემბარგო მოიხსნას. რატომ თქვა ახლა? ესე იგი ეს სავაჭრო თემა იყო? რას მოითხოვს სანაცვლოდ? თუ ეს სავაჭრო თემა იყო, მაშინ ეს უდიდესი შეცდომაა - ასეთი ემბარგოს გამო არაფერი არ უნდა დათმო. საერთოდ, ყურადღება არ უნდა მიაქციო. ასე შთაბეჭდილებას ქმნი, რომ ადვილია საქართველოს რაღაცეები დაათმობინო: დაგიწესებენ რამე ემბარგოს, და რაღაცას დათმობ, მოგიხსნიან, ისევ დაგიწესებენ და ა. შ.

ქართული მხრიდან ვინც ამართლებს ამ შეხვედრას, ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზზე დაძაბულობა შენელდება. როგორ, რატომ? რამე კონკრეტული დანაპირები იყო? ლავროვი და კარასინი რომ ხვდებოდნენ, არ მიდიოდა ბორდერიზაცია მშვენივრად?

ვიმეორებ, თეორიულად ვერ გამოვრიცხავ, რომ საჭირო შეხვედრა ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება გაცილებით მეტ საფუძველს გვაძლევს, მის ასეთ ნაბიჯებს დიდი ეჭვის თვალით შევხედოთ.

საერთაშორისო თანამეგობრობა კი მიესალმება - ეგ ყველანაირ დიალოგს ყოველთვის ესალმება. ეს არაფერს ნიშნავს".

25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს.

ამ კომენტარის მიცემიდან მეორე დღეს, 26 სექტემბერს ლავროვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. 

მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი ქართული მხარისგან იყო წასული. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია სამივე მხარემ გაავრცელა, შეხვედრა შვეიცარიის ორგანიზებითა და ჩართულობით მოხდა, ხოლო სხვა დანარჩენი ინსინუაციები იყო.

მოგვიანებით, კომერსანტის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც იგივე განაცხადა - "შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა, რომელიც მან მოითხოვა. სხვა საკითხებს შორის, მას აინტერესებდა, როდის არის შესაძლებელი ამ [საჰაერო] კომუნიკაციის აღდგენა [საქართველოსა და რუსეთს შორის]".

ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო პირისპირ. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. ემბარგოს გამო საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა, დაახლოებით, 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

კომენტარები