საქართველო - რუსეთი

ლავროვი: შეხვედრა ზალკალიანმა მოითხოვა

დავით ზალკალიანი / სერგეი ლავროვი

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში მასა და მინისტრ ზალკალიანს შორის გამართული შეხვედრა თავად მინისტრმა ზალკალიანმა მოითხოვა. 

"შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართა, რომელიც მან მოითხოვა. სხვა საკითხებს შორის, მას აინტერესებდა, როდის არის შესაძლებელი ამ [საჰაერო] კომუნიკაციის აღდგენა [საქართველოსა და რუსეთს შორის]," - განაცხადა ლავროვმა. 

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შესახებ ზოგიერთი კომენტარი მის "ღიმილსა და გაოცებას" იწვევდა. 

"ქართველების მიერ გაკეთებული კომენტარები," - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსული მედია РБК წერს, რომ ლავროვის განცხადებით, თუ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის მუშაობას დაიწყებდა, ის "პირადად განაახლებდა ამ საჰაერო კომუნიკაციებს".

25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ღირს.

ამ კომენტარის მიცემიდან მეორე დღეს, 26 სექტემბერს ლავროვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. 

მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. გაზეთი კომერსანტი კი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი ქართული მხარისგან იყო წასული. 

ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო პირისპირ. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. ემბარგოს გამო საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა, დაახლოებით, 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

კომენტარები