რუსული სააგენტო კომერსანტი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა.
"ქართველებს შემოდგომაზე ხვდებიან" - ასე ეწოდება სააგენტოს მიერ მომზადებულ მასალას, რომელიც 26 სექტემბერს დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვის შეხვედრას ეხება. მასალაში გამოცემა აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნელნელა თბება მას შემდეგ, რაც ზაფხულის დასაწყისში დაიძაბა.
"ბატონი ლავროვისა და ბატონი ზალკალიანის მოლაპარაკებების უჩვეულო ფორმატში შეხვედრა, რომელიც შვეიცარული მხარის შუამავლობით შედგა, საქართველოს ხელისუფლების სურვილთან იყო დაკავშირებული. მათ გადაწყვიტეს, რომ შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო რუსეთთან პირდაპირი საუბარი უხერხული იქნებოდა. ამასთან, შეხვედრა სწორედაც ორმხრივი იყო და ერთ საათს გაგრძელდა. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო, რომ ამ ოთახში სერგეი ლავროვსა და დავით ზალკალიანს გაეროში შვეიცარიის მუდმივი წარმომადგენელი იურგ ლაუბერი დახვდებოდათ. მას მისასალმებელი სიტყვა უნდა ეთქვა, დაეტოვებინა ოთახი და შეხვედრის შემდეგ განცხადება უნდა გაეკეთებინა იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგა.
მოლაპარაკებებში მონაწილე რუსი დიპლომატის თქმით, რომელმაც ანონიმურად ყოფნა არჩია, ყველაფერი ასეც მოხდა: შვეიცარიის წარმოამდგენელმა მინისტრებს მაგიდაზე დადებული შვეიცარული შოკოლადისკენ მიუთითა, აღნიშნა, რომ ამით მისი, როგორც შუამავლის მისია შესრულებულია და გავიდა მოლაპარაკებების ოთახიდან,"- წერს სააგენტო.
ნიუ-იორკში გაეროს სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა. ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ქართულმა მხარემ ლავროვთან შეხვედრამდე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციები გაიარა.
"გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი ანუ ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ შექმნილ მძიმე მდგოამრეობასთან,"- ამბობს ზალკალიანი.
რუსული სააგენტო კომერსანტი წერს, რომ "მოლაპარაკებები გაუმჯობესებული ურთიერთობების ფონზე წარიმართა, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ივნისში განსაკუთრებით დაიძაბა".
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა 2008 წლის ომის შემდეგ არ მომხდარა