დაპირისპირება პარლამენტში

ბესელია ზარდიაშვილზე: კონტროლს არ ვკარგავ ხოლმე, დღეს პროპორციული რეაქცია მქონდა

მთავარი არხი

"ყველაფერს საზღვარი აქვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კონტროლს კარგავს, უბრალოდ, დღეს ბუნებრივი, პროპორციული რეაქცია მქონდა," - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილთან მის ფიზიკურ დაპირისპირებას. 

ბესელიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი ადეკვატური პასუხი იყო არამხოლოდ დღევანდელ საქცციელზე, არამედ მთელი ამ დროის განმავლობაში მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებაზეც. 

"ქმედება იწვევს უკუქმედებას. ეს იყო ჩემი პროპორციული რეაქცია სიცრუეზე, უწესობაზე, ყოველგვარ ზღვარგადასულ, მართლა წარმოუდგენელ შეურაცხყოფაზე და, აი, ყველაფერზე, რაც არის მოუთმენელი. ბრძოლის ხაზი გაიხსნა. ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერი ხელის გულზე დევს და კომპრომისი იქ, სადაც არის სიცრუე, სიყალბე, სადაც გადის ყველაზე მთავარი ბრძოლის ხაზი, იქ კომპრომისი დაუშვებლად მიმაჩნია,"- ამბობს ბესელია. 

ქართული ოცნებიდან გასულ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

"რა ბესელიას მორალი, აბა, რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი, რაშია საქმე, რომელი ბესელიას მორალი" - დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო. ამის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს ეკა ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა და დეპუტატს წესრიგის დაცვისა და "ღირსეული ქცევისკენ" მოუწოდა.

კომენტარები