დაპირისპირება პარლამენტში

თალაკვაძე: ზარდიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა მიუღებელია, ცუდი მაგალითია ახალი თაობისთვის

ტვ. პირველი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ვანო ზარდიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა" მიუღებელია. ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას.

"მმართველ გუნდმა, ხელისუფლებამ უზრუნველყო კონსტრუქციული გარემო და სამუშაო პროცესი, ყველაზე რთულ საკითხებზეც კი, რაც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იყო, განხილვები და პოლიტიკური კონსულტაციები მშვიდ ატმოსფეროში მიმდინარეობს და ამ დროს, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ასეთი მიუღებელი ფაქტი ხდება - აგრესია და ფიზიკური თავდასხმა ვანო ზარდიაშვილზე მიუღებელია და დამაზიანებელია პარლამენტის იმიჯისთვის. ეს არის ცუდი მაგალითი ახალი თაობისთვის", - თქვა თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ეს იყო ვანო ზარდიაშვილზე თავდასხმა. თალაკვაძის თქმით, მომხდარში გარკვევას თბილისში დაბრუნებისთანავე გეგმავს.

"არავითარი ფიზიკური შეხლა-შემოხლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არ ყოფილა - რეალურად იქ იყო ჩვენს თანაგუნდელზე, ვანო ზარდიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა და აგრესია, რასაც ცალსახად ვგმობ. როგორც კი თბილისში დავბრუნდები, აუცილებლად გავერკვევი, თუ რატომ მოხდა ისე, რომ მანდატურის სამსახურმა ვერ უზრუნველყო დაშორიშორება. აუცილებლად ამაში გავერკვევით და იქნება სათანადო რეაქციები", - თქვა თალაკვაძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მომხდარი ლახავს პარლამენტის იმიჯს, პარლამენტის ღირსებას და საზოგადოებისთვის არის ძალიან ცუდი მაგალითი, "განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის".

ქართული ოცნებიდან გასულ დეპუტატ ეკა ბესელიასა და ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

"რა ბესელიას მორალი, აბა, რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი, რაშია საქმე, რომელი ბესელიას მორალი" - დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო. ამის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს ეკა ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა და დეპუტატს წესრიგის დაცვისა და "ღირსეული ქცევისკენ" მოუწოდა.

კომენტარები