ისრაელი

განცთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ახალი მთავრობის შექმნა ნეთანიაჰუს დაევალა

ბენიამინ ნეთანიაჰუ და რუვენ რივლინი
Reuters

მას შემდეგ, რაც ბენი განცის ალიანსთან საერთო მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა, ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ახალი მთავრობის შექმნა ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა.

"გადავწყვიტე თქვენ მოგანიჭოთ მთავრობის ჩამოყალიბების უფლება." მიმართა მან ნეთანიაჰუს ნომინაციის ცერემონიაზე.

ნეთანიაჰუს კოალიციის შესაქმნელად 28 დღე აქვს. ამას გარდა მას პრეზიდენტისგან 2-კვირიანი გახანგრძლივების მოთხოვნაც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების შემდგომ, რომელშიც უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ და პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო, პრეზიდენტმა მხარი თავდაპირველად ერთობლივი მთავრობის შექმნას დაუჭირა და ნეთანაიჰუ და განცი მოლაპარაკებებზე მიიწვია. მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი იყო ვინ დაიკავებდა პირველი პრემიერმინისტრის პოსტს.

განცი გამორიცხავდა ნეთანიაჰუს პარტიასთან თანამშრომლობას და მიზეზად მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას ასახელებდა.

ნეთანიაჰუ და განცი გარკვეულ მნიშნველოვან საკითხებზე თანხმდებოდნენ, როგორიცაა აშშ-სთან და ირანთან ურთიერთობა და პალესტინის კონფლიქტის საკითხი, თუმცა განცს მეტად ლიბერალური მთავრობა სურს, რომელშიც არ უნდა შევიდნენ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი რალიგიურ-ნაციონალისტური პარტიები.

განმეორებითი არჩევნები ნეთანიაჰუმ მას შემდეგ დანიშნა, რაც აპრილში სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. ლიკუდმა ქნესეთში 31 ადგილი მოიპოვა, განცის ლურჯი და თეთრის პარტიამ 33.

ამჟამად ნეთანიაჰუს ბლოკს პარლამენტში 55 ადგილი აქვს, ხოლო განცისას არაბული პარტიები მხარდაჭერით 54, თუმცა უმრავლესობისათვის 61 მხარდამჭერია საჭირო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი უარს ამბობს მხარი დაუჭიროს რომელიმე კოალიციას და მიზეზად ნეთანიაჰუს შემთხვევაში მის მოკავშირე რელიგიურ-ნაციონალისტურ პარტიებს ასახლებს, ხოლო განცის შემთხვევაში ისრაელის არაბული პარტიების მხარდაჭერას. სწორედ ლიბერმანის პარტიასთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ დანიშნა ნეთანიაჰუმ განმეორებითი არჩევნები.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის გენერალური პროკურორი მომავალ თვეს ჩაატარებს წინასწარ მოსმენას ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდების შემცველ სამ საქმეზე. ნეთანიაჰუ ბრალს უარყოფს. პრემიერმინისტრის პოსტის კვლავ დაკავების შემთხვევაში მას იმუნიტეტი დაიცავს.

კომენტარები