ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამ თვეში მეორედ ზრდის

ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეფინანსირების განაკვეთი სექტემბერში უკვე მეორედ გაიზარდოს.

რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაიზრდება 7.5%-მდე.

გადაწყვეტილების მიზეზად ეროვნულ ბანკში ლარის გაუფასურების გამო ინფლაციაზე მაღალი ზეწოლა სახელდება.

"კომიტეტის გასული სხდომის შემდეგ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც, ინფლაციური მოლოდინები კვლავ სახეზეა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო," - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

4 სექტემბრის მონეტარული პოლიტიკის სხდომის შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა 6.5%-დან 7%-მდე გაზარდა. 20 სექტემბერს უწყებამ მონეტარული კომიტეტის რიგგარეშე სხდომა დააანონსნა.

მონეტარული კომიტეტის სხდომას ეროვნული ბანკი წელიწადში რვაჯერ მართავს, მომდევნო სხდომა განრიგის მიხედვით 23 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

2008 წლის სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები აამოქმედა.

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ. მოსალოდნელია კომერციული ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდაც. შედეგად, შემცირდება ფულის მასა ბაზარზე, რამაც უნდა შეამციროს ინფლაცია და გაამყაროს ეროვნული ვალუტა, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე.

კომენტარები