გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

გაბინაშვილი 10-კაციან სიაზე: სხვების ატეხილმა აჟიოტაჟმა შელახა სასამართლოს ავტორიტეტი

მერაბ გაბინაშვილი
პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მერაბ გაბინაშვილი ამბობს, რომ დეკემბერში, როცა გიორგი მიქაუტაძემ კანდიდატების 10-კაციანი სია წარადგინა, სხვა ადამიანების მხრიდან "ატყდა აჟიოტაჟი, რამაც უსაფუძვლოდ შელახა სასამართლოს ავტორიტეტი". 

გაბინაშვილმა ეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიგა ბოკერიას კითხვების პასუხად თქვა. პარლამენტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ კანდიდატს უსმენს. 

გიგა ბოკერია: იცნობთ თუ არა პრაქტიკას, რომ როცა აბიტურიენტი გადის გამოცდაზე და მას გარედან კარნახობენ, ხსნიან გამოცდიდან.

მერაბ გაბინაშვილი: არ ვიცნობ ასეთ პრაქტიკას. 

გიგა ბოკერია: თქვენთან რომ მოვიდეს ეს საქმე განსახილველად, როგორ ფიქრობთ, სამართლიანი იქნება თუ არა ასეთი ადამიანის ჩამოშორება გამოცდიდან.

მერაბ გაბინაშვილი: ნებისმიერ საქმეზე, რომელზეც მე მივიღებ გადაწყვეტილებას, ინდივიდუალურ გარემოებებს შევაფასებ. 

გიგა ბოკერია: როცა თქვენ წინ იქნება აშკარა ფაქტი, რომ აბიტურიენტს, ან გამოცდის მონაწილეს კარნახობენ გარედან პასუხებს, თქვენ მაინც ჩათვლით, რომ მისი დისკვალიფიკაცია არ არის საჭირო, ხო. გუშინ იყო ფაქტი, აღშფოთებაც მოჰყვა ამ ამბავს. მე არ აღვშფოთებულვარ, ჩემი აზრით, ძალიან კეთილშობილური ნაბიჯი იყო თქვენგან. ქალბატონმა თამარმა დაგიფასათ ეს დახმარება. 

მერაბ გაბინაშვილი: მე არ მინახავს, თურმე მთავარ არხზე თქვეს, რომ მე მივწერე თამარ ალანიას - დაღლილობა არ შეგეტყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა მსგავსი ტიპის გასაუბრება ხდება, ოჯახის წევრებით მოდიან, უკან  სხედან და შეძახილებით ამხნევებენ. მე ამაში ნეგატიურს არაფერს ვხედავ, მე ნეგატიურს ვხედავ იმაში, რომ სხვისი პირადი ინფორმაციის მოპარვა ხდება ტელეფონიდან. 

გიგა ბოკერია: გახსოვთ თუ არა, როდის გაგაგებინეს, რომ ნომინირებული ხართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად? 

მერაბ გაბინაშვილი: ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, ნომინირებამდე გარკვეული დღეებით ადრე

გიგა ბოკერია: დღეებით ადრე, არა კვირეებით. ვინ დაგირეკათ, გახსოვთ? 

მერაბ გაბინაშვილი: იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ. 

გიგა ბოკერია: თვითონ გიორგი იყო? თუ მისი თანაშემწე. 

მერაბ გაბინაშვილი: არა, მე მაგალითად პირადად გიორგი მიქატუაძემ. არა მარტო ვიცანი მისი ნომერი, რომელიც ჩაწერილი მაქვს, არამედ ხმაზეც ვიცანი და სხვა ვერბალური მახასიათებლებით

გიგა ბოკერია: ანუ ბატონ ჩინჩალაძესთან ან ბატონ მურუსიძესთან მაგ მომენტში კომუნიკაცია არ გქონიათ. მათ არ გაუგებინებიათ თქვენთვის. 

მერაბ გაბინაშვილი: ბატონმა გიორგიმ მითხრა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებთან იყო შეთანხმება, მათ შორის, ვადასტურებ, მოსამართლე წევრები. 

გიგა ბოკერია: ეს არ ყოფილა ჩინჩალაძე, ეს იყო მიქაუტაძე. ამ ამბავმა, თქვენ იცით, რომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თქვენც განცხადება დაწერეთ, პრობლემები შექმნა ნამდვილად. თქვენ რომ შეგეძლოთ, რომ რამით დაეხმაროთ ამ ეჭვების გაფანტვას, მათ შორის, თქვენ აქ ახსენეთ, პირადი სივრცეო, პირადი სივრცის ოდნავი გასაჯაროებით, ამას გააკეთებდით, რომ გაიფანტოს ეჭვები? რითაც შეგიძლიათ, კანონიერების ფარგლებში. 

მერაბ გაბინაშვილი: რახან ეს პროცესი ასე საჯარო ინტერესის საგანია, ნებისმიერ კითხვას გავცემ პასუხს, რასაც შემეკითხებით და მე მოგაწვდით ჩემ ხელთ არსებულ ინფორმაციას. 

გიგა ბოკერია: თქვენ რომ სთხოვოთ მობილურ კომპანიას, თქვენი ტელეფონის იმ დღეების დეტალური ამონაწერი გამოაქვეყნოს, თანახმა იქნებოდით იმაზე? 

მერაბ გაბინაშვილი: არანაირი პრობლემა არ არის გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს თითქმის ყველა კოლეგასთან. ეს რას დაადასტურებს, ბატონო გიგა.  

გიგა ბოკერია: ან დაადასტურებს, ან უარყოფს, მაგალითად, მურუსიძე ხომ არ იყო ის, ვინც გირეკავდათ იმ დღეებში. 

მერაბ გაბინაშვილი: ისე, გამოძიების დაწყება უფრო საინტერესო იქნება. 

გიგა ბოკერია: გამოძიება მე საერთოდ არ მიხსენებია. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ დანაშაული ჩაიდინეთ. თქვენ იმ დღეებში დაწერეთ განცხადება სხვებთან ერთად და კანდიდატურა მოხსენით. ეს გადაწყვეტილება დღესაც მიგაჩნიათ სწორად? 

მერაბ გაბინაშვილი: კი. 

გიგა ბოკერია: აქედან გამომდინარე, ხომ ლოგიკურია ჩავთვალოთ, რომ მიქაუტაძის საქციელმა, ვინც ასე წარგადგინათ, ზიანი მიაყენა მოსამართლეების შერჩევის პროცესს? 

მერაბ გაბინაშვილი: ეს იყო კანონიერი პროცესი. კანონიერი პროცესი ზიანს ვერ მიაყენებდა. 

გიგა ბოკერია: ყველაფერი წესრიგში იყო? აბა რატომ დაწერეთ განცხადება. 

მერაბ გაბინაშვილი: გიორგი მიქაუტაძის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება, მოეხდინა ​უზენაესი სასამართლოს კანდიდატების ნომინირება, გამომდინარეობდა კონსტიტუციის პრინციპიდან და მე ამაში მე ვერანაირ კანონდარღვევას ვერ ვხედავ.

გიგა ბოკერია: მე არ მიკითხავს, უკანონო იყო თუ არა. გეკითხებით, ზიანი მიაყენა თუ არა. 

მერაბ გაბინაშვილი: ზიანი მიადგა მხოლოდ ერთ კონტექსტში - ამას მოჰყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი და შეილახა სასამართლოს ავტორიტეტი უსაფუძვლოდ. 

გიგა ბოკერია: ანუ მიქაუტაძემ, უკეთეს შემთხვევაში, თავისი გაუთვლელი ნაბიჯით, შელახა სასამართლოს ავტორიტეტი. 

მერაბ გაბინაშვილი: მიქაუტაძემ თავისი დისკრეციით შეასრულა კანონი. ამ შეგნებულმა გადაწყვეტილებამ, სხვა ადამიანების მხრიდან გამოიწვია იმის პროვოცირება, რომ მათ პიროვნული თავდასხმები განახორციელეს კანდიდატებზე,ატყდა აჟიოტაჟი, რამაც შელახა სასამართლოს ავტორიტეტი. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოც ხდება. 

გიგა ბოკერია: ანუ მიქაუტაძემ ყველაფერი სწორად ქნა და ცუდი და ბოროტი ხალხი იყო ჩასაფრებული და ამან გამოიწვია, ხო და თქვენ უბრალოდ ამის გამო დაწერეთ განცხადება. 

მერაბ გაბინაშვილი: არა, საჯარო ინტერესი გავითვალისწინე და რადგანაც მზაობა დავინახე, რომ გაკეთილშობილებულიყო ეს პროცესი. 

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. 

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება. 

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს. 

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭომ სწორედ 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის და მათ დანიშნავს ან არ დანიშნავს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ. 

კომენტარები