პრეზიდენტის შეწყალება

დიმიტრი გაბუნია: შეწყალებასთან კავშირი არ მაქვს, მეც მაინტერესებს ვინ ურჩია პრეზიდენტს სია

მთავარი არხი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პარლამენტში მყოფ დიმიტრი გაბუნიას ამ თემაზე შეკითხვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა დაუსვა. პარტიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები სწორედ დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით "გვარდება".

დიმიტრი გაბუნიამ ირმა ნადირაშვილს დღეს უთხრა, რომ შეწყალებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კითხვას, ვინ ურჩია პრეზიდენტს კონკრეტული პირების შეწყალება, ის პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ ამისთვის არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს კურატორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სახით.

"[პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალება] ჩემთვის არის მიუღებელი, აბსოლუტურად. მე ეს დავაფიქსირე თათბირზეც. შვებულებაში ვიყავი და გამოვედი 3 სექტემბერს და გავიგე მედიის საშუალებით. ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები. პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება იყო, ეს იყო ჩემი დისკრეციული უფლებამოსილება და მე მივიღე გადაწყვეტილება. რატო, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით როცა იღებ გადაწყვეტილებას, ხო შეიძლება ვიღაცას ჰკითხო... მე ამაზე პასუხი, ბუნებრივია... არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ის პასუხისმგებელი პირი, რომლის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა და ა.შ. მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად, მე როცა დამიბარებენ პროკურატურაში, აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს რა...", - თქვა გაბუნიამ [სტილი დაცულია].

მისივე თქმით, არ იცის კონკრეტულად ვინ ურჩია პრეზიდენტს ეს სია და ეს პროკურატურამ უნდა დაადგინოს.

გარდა ამისა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აღნიშნავს, რომ მის მიმართ ბრალდებების გამო მისი ოჯახი ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდადაა, რადგან "ეს არის ბინძური ცილისწამება".

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება". 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

ევროპული საქართველოს წყაროს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება. პარტია ამ ინფორმაციის ნამდვილობის გამოძიებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს და ამისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. ევროპული საქართველოს ლიდერებმა 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ მათი წყარო საადვოკატო წრეებთან არის დაკავშირებული.

კომენტარები