უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

თამარ ალანია: საკონსტიტუციო ცვლილებებიდან პრობლემურად ვერცერთს დავასახელებ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოსამართლე თამარ ალანია ამბობს, რომ კონსტიტუციის ბოლო ცვლილებებიდან პრობლემურად ვერცერთს დაასახელებს, რადგან სამართალწარმოების პროცესში "ჯერ პრობლემა არ შექმნია". 

ამის შესახებ მან ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთარ კახიძის, მიერ დასმული კითხვის პასუხად თქვა. კახიძემ მას სთხოვა, ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებიდან დაესახელებინა ერთი საკითხი, რომელსაც ის ნეგატიურად აფასებს, რაზეც ალანიამ უპასუხა, რომ ის ვერ შეაფასებს. 

ოთარ კახიძე: პარლამენტმა მიიღო ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი, ალბათ, რაც მივიღეთ. ეს ეხება კონსტიტუციის ბოლო ცვლილებებს. ამ კონსტიტუციის ცვლილებებიდან შეგიძლიათ, თუ არა დაასახელოთ რომელიმე ცვლილება, რომელსაც პრობლემურად მიიჩნევთ. ნეგატიურად აფასებთ, არ მოგწონთ ამ შინაარსის რომელიმე ასპექტი, არ აფასებთ დადებითად.

თამარ ალანია: საინტერესო შეკითხვაა. კონსტიტუცია ეს უმაღლესი კანონია, რომელსაც პარლამენტი ადგენს. მე შეიძლება, როგორც მოქალაქეს, მქონდეს რაღაც მოსაზრება ამასთან დაკავშირებით...

ოთარ კახიძე: როგორც მოქალაქეს არ გეკითხებით. მე გეკითხებით როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, რომ შეაფასოთ ამ კონსტიტუციური ცვლილებებიდან, რომელ მიმართულებას მიიჩნევთ შედარებით პრობლემურად.

თამარ ალანია: პრობლემურად მე ვერ მივიჩნევ ვერცერთ ცვლილებას. ვერ გეტყვით ჩემს მოსაზრებას ამაზე და არა იმიტომ, რომ მე არ გამაჩნია მოსაზრება ამაზე, უბრალოდ, არსებობს კომენტარები, რომელიც გერმანელ ექსპერტს ეკუთვნის და საინტერესოა სწორედ ამ კომენტარების გაცნობა. მე ამ კომენტარებს ვეცნობი. რა თქმა უნდა, გამაჩნია მოსაზრება. მე შემიძლია, გითხრათ ის წარმატებული ნაბიჯი, რომელიც მოსამართლეს სერიოზულ გარანტიებს აძლევს.

ოთარ კახიძე: თუ პოზიტიურ ნაწილზე შეგიძლიათ, პრობლემურზე რატომ არ შეგიძლიათ საუბარი?

თამარ ალანია: კი ბატონო, მე დავსვამ კითხვას, პრობლემურად ვინ ხედავს ამ ცვლილებას?

ოთარ კახიძე: თქვენ არ ასახელებთ არცერთ ცვლილებას [პრობლემურად]?

თამარ ალანია: მე ვერ ვხედავ. ჯერ არ შემქმნია პრობლემა საქმის წარმოებისას. 

ოთარ კახიძე: აი, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა ნორმის ფორმალური კონსტიტუციური კონტროლის საშუალება და ეს ფორმალური კონსტიტუციური საშუალება საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ აქვს. ამას, როგორც იურისტი, პოზიტიურ, წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებთ, თუ შედარებით ნეგატიურ მოვლენად?

თამარ ალანია: შევიკავებ თავს ამ მოსაზრებისგან იმიტომ, რომ კონსტიტუციონალისტი არ ვარ. 

ოთარ კახიძე: კონსტიტუციონალისტი ამას არ სჭირდება, ეს შედარებით უფრო ელემენტარული საკითხია

თამარ ალანია: სადავო საკითხია, ბატონო ოთარ. 

ოთარ კახიძე: ბოლო კითხვა მექნება. აი, ფორმალური კონტროლი, რომელიც აღარ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამის გარდა არსებობს აბსტრაქტული კონტროლი სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციიდან გამომდინარე და კონკრეტული კონტროლი. აი, კონტროლის ამ სამ მექანიზმს შორის რა განსხვავებაა, რომ უთხრათ საზოგადოებას

თამარ ალანია: კონტროლი გულისხმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას ამასთან მიმართებით?

ოთარ კახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციაა, კი. არსებობს აბსტრაქტული კონტროლი, კონკრეტული კონტროლი და ფორმალური კონტროლი და, აი, ამ კონტროლის სამ პუნქტს შორის რა განსხვავებაა?

თამარ ალანია: ამ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, მე კიდევ ვიმეორებ, არ ვარ კონსტიტუციონალისტი, მახსენდება მეცნიერი კელზენის სიტყვები, "ნორმა არ არის ჭეშმარიტება. ის ან უნდა იყოს ქმედუნარიანი, ან არაქმედუნარიანი", შესაბამისად, კონსტიტუცია ამასთან მიმართებით ან რომელიმე სუბიექტი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში პრობლემას ხედავდეს, მას აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში. 

ოთარ კახიძე: ქალბატონო თამარ, ამაზე არ არის კითხვა. კონსტიტუციონალიზმის ცოდნა ამას არ სჭირდება, ეს არის პირველი კურსის მასალა და მე მეგონა, ეს იცოდით. უბრალოდ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი ამ საკითხს ფლობს თუ არა, ხო? აქ არც კელზენია არანაირ კავშირში და არც კონსტიტუციონალიზმი. აბსტრაქტული კონტროლია, როდესაც კონკრეტული საქმის გარეშე კანონის ან ნორმატიული აქტის შეპირისპირება ხდება კონსტიტუციასთან. კონკრეტული კონტროლია, როდესაც საქმე არის შუაში და აბსტრაქცია არ არის შუაში. ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ჩემი სურვილი იქნება სხვა კანდიდატებთანაც ასევე, რომ ასეთი ტიპის კითხვებს თავს ნუ აარიდებენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს, 23 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატის მოსმენა დაიწყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა. 

კომენტარები