ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავარ ოპონენტ ბენი განცს მოუწოდა საერთო მთავრობა შექმნან

Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავარ ოპონენტს, ყოფილ გენერალ ბენი განცს მოუწოდა მის სამთავრობო კოალიციას შეუერთდეს.

"საარჩევნო კამპანიის დროს მე მოვუწოდებდი მემარჯვენე მთავრობის შექმნისაკენ, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, არჩევნების შედეგები გვაჩვენებს, რომ ეს შეუძლებელია. ბენი, ჩვენ უნდა შევქმნათ ფართო მთავრობა, დღესვე. ერი ჩვენგან, ორივესგან ელოდება რომ პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და თანამშრომლობა შევძლოთ." თქვა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიაში ამბობენ, რომ ყველა პარტია უნდა ეცადოს მესამე არჩევნების ჩატარება თავიდან აირიდონ.

განცის პარტიაში შემოთავაზებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. გუშინ განცმა ლიკუდთან თანამშრომლობა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების გამო გამორიცხა.

არჩევნები ორშაბათს ჩატარდა. შედეგები თითქმის სრულად არის დათვლილი. 120 ადგილიან ქნესეთში განცის პარტია ლურჯი და თეთრი 33 ადგილს დაიკავებს, ხოლო ლიკუდი 31 ადგილს.

მიუხედავად ამისა განცის მოკავშირე ცენტრისტული და მემარცხენე პარტიები საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებენ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიის "ისრაელი ჩვენი სახლია" გადაწყვეტილებას. ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის პარტიამ ქნესეთში 8 ადგილი მოიპოვა. მათ ნეთანიაჰუს და განცის პარტიებთან ერთობლივი მთავრობის შექმნა სურთ.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ ის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღარ გაემგზავრა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც 5 თვის წინ ჩატარებული არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.

აპრილში ჩატარებულ არჩევნებში ნეთანიაჰუს და განცის პარტიებმა ქნესეთში 35-35 ადგილი მოიპოვეს.

მაშინ ყოფილ თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანთან და მის ნაციონალისტურ პარტიასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ლიბერმანმა მთავარ პირობად სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამონაკლისებში ცვლილება წამოაყენა. შედეგად, ნეთანიაჰუმ ხელახალი არჩევნების დანიშვნას მხარი დაუჭირა, რათა სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები სხვა პარტიებს არ დაწეყოთ.

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, 120 ადგილიან ქნესეთში უმრავლესობა არც ერთ პარტიას არასდროს მოუპოვებია. ქვეყანას მუდმივად კოალიციური მთავრობა მართავს.

იმ შემთხვევაში, თუ ნეთანიაჰუ თანამდებობას მეხუთე ვადით დაიკავებს ისრაელის ეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადა იქნებათ, რომლითაც ერთმა პიროვნებამ პრემიერმინისტრის პოსტზე იმსახურა.

კომენტარები