მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: მოძრაობის ზოგი წევრი შეიძლება იყოს პარტიაშიც, ახალი სახეებით წარვდგებით

ტაბულა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი ამბობს, რომ მის პარტიაში, რომლის დაფუძნებაც მალე იგეგმება, შეიძლება იყოს იმ ადამიანების ნაწილი, ვინც მოძრაობაში იქნება.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ დღეს, 18 სექტემბერს, მოძრაობის წევრების ნაწილის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძემ განმარტა, რომ პარტია ცალკე დაფუძნდება, თუმცა, შეიძლება იქ მოძრაობის ზოგი წევრიც იყოს და ეს დამოკიდებულია მათ სურვილზე.

"ჩვენ მოძრაობას არ გარდავქმნით პარტიად. მოძრაობა იქნება ის მაყურებელი, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელი იქნება მაყურებელი და იმ პოლიტიკის მაკონტროლებელი, რომელიც აიღებს თავის თავზე ქვეყანაში გამარჯვებისკენ სიარულს", - თქვა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, ვისთან ითანამშრომლებს ახალი პარტია, დამფუძნებელი პასუხობს, რომ ახალი სახეებით წარდგებიან და ამის დიდ რესურსს ხედავს. ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა, დარწმუნებულია, რომ კრიტიკულ მასას შექმნის. 

თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ ითანამშრომლებენ ყველასთან, ვისაც აქვს დასავლეთის ვექტორი.

"ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც აქვს დასავლეთის ვექტორი, უნდა ქვეყანაში სწრაფი განვითარება და განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, რომლებიც წინა ან ახლანდელი მთავრობის დროს იყვნენ უწყებებში, მუშაობდნენ, მათ კისერზე გადაიარა ძალიან ბევრმა მუშაობამ და არავინ გამოიყვანა ისინი წინა პლანზე. ჩვენ ამ ადამიანებს ვეპატიჟებით, მათი ცოდნა გვჭირდება და პარტიული ნიშნით შერჩევა ჩვენთან არ იქნება", - თქვა ხაზარაძემ.

უცნობია, საზოგადოებრივი მოძრაობის მსგავსად, იქნება თუ არა პარტიის სახელიც "ლელო".

დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ პარტიის ლიდერების შერჩევა პრაიმერის პრინციპით მოხდება.

კომენტარები