პრეზიდენტის შეწყალება

გოცირიძე შეწყალებაზე: შეუძლებელია, ამაში ჩართულნი არ იყვნენ დაინტერესებული ადამიანები

ტაბულა

ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების ბოლო აქტით 2 ისეთი ადამიანის - პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, ასევე დავით ოთხმეზურის მკვლელების გათავისუფლების უკან შესაძლოა კორუფციული ან სხვა სახის ინტერესები იდგეს. გოცირიძე ვარაუდობს, რომ სხვა ადამიანები პრეზიდენტზე ზემოქმედებას ახდენენ და მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაში არწმუნებენ.

დეპუტატი ზურაბიშვილს მოუწოდებს, განმარტოს, რატომ შეიწყალა ისინი, ასევე, მისი აზრით, საქმეში გამოძიება უნდა ჩაერთოს, რომელიც შეისწავლის, ვინ დგას ამ ყოველივეს უკან. 

"ვინც ქალბატონი სალომე დასვა პრეზიდენტად, მას რეაგირება არ მოუხდენია იმ ფაქტზე, რომ მან შეიწყალა პოლიციელის მკვლელი, ვინმე კრიმინალ ლავასოღლისთან დაახლოებული პირი და არავინ მოსთხოვა პასუხი, თუ რა მექანიზმებით იქნა ეს აქტი განხორციელებული, ვინ იყო ინიციატორი, ვის ჰქონდა მასთან საუბარი. 

გაიმეორა იგივე. 

შეწყალების და სხვა სერიოზული აქტები წყდება პრეზიდენტის სამზარეულოში. უნდა ჩავთვალოთ, რომ ის იღებს გადაწყვეტილებას თავისი არაფორმალური მრჩევლების თუ ახლობლების მიერ. პოლიციელის მკვლელის, ახლობლების გათავისუფლება უბრალოდ არ ხდება. შეუძლებელია, აქ არ იყოს ჩართული ადამიანები, რომლებიც რაღაც ფორმით დაინტერესებულები არიან. ამიტომ, ქალბატონმა სალომემ უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რატომ შეიწყალა ეს ორი ადამიანი. 

მას კონსტიტუციით ვერავინ დასჯის, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკანონო საქმისა. კონსტიტუციით ის არის ხელშეუხებელი პირი და მას აქვს უფლება შეიწყალოს. ამ შეწყალებამდე მას უმზადებდნენ საქმეს ან აიძულებდნენ, მათ წინააღმდეგ უნდა აღიძრას საქმე. არ არის გამორიცხული, აქ იყოს კორუფციული ან სხვა სახის ინტერესები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც პრეზიდენტამდე მიიტანეს ეს საქმეები და მოახდინეს მასზე ზემოქმედება ან დაარწმუნეს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ გამოძიება უნდა ჩაერთოს ამ ორივე ფაქტის ირგვლივ და უნდა იქნეს გამოკვლეული ის წინაპირობები, თუ ვინ ახდენს მასზე ზემოქმედებას", - თქვა რომან გოცირიძემ. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. 

ასლან ბეჟანიძე 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ჯერ საქალაქო სასამართლომ, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ ის გაამართლა. 

2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს, უზენაესი სასამართლოს განაჩენით, განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე თბილისში, პეკინის გამზირზე დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, შსს-ის ინფორმაციით, ასლან ბეჟანიძემ ოთხმეზურს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცავალა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის ასევე არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა. თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი.

პოლიციელის მკვლელის შეწყალების შემდეგ, რასაც საზოგადოების კრიტიკა და აღშფოთება მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ინიციატივით გამოვიდა, "საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად შეწყალების გამოყენების უფლება დაიხვეწოს". 

"შეწყალების აქტი არ უნდა გახდეს უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა,"- წერია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტაბულა დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კითხვით, ნიშნავს თუ არა პრეზიდენტის ეს ინიციატივა იმას, რომ შესაძლოა, მომავალში პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილება შეეზღუდოს, სადაც გვითხრეს, რომ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. 

წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს. 

კომენტარები