ჩვენი როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო გუნდის მთავარი ამოცანა ჩვენს საზოგადოებაზე ზრუნვაა - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი NDI-ის კვლევის სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილის შედეგებს.
ოხანაშვილი ამბობს, რომ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გააჟღერა პოზიციები, რომ ეფექტური კომუნიკაცია ხალხთან, გადაწყვეტილებების დროულად მიღება და მთელი გუნდის სწორი კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენ ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს კოორდინაცია და როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების მთავარი გამოწვევები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში გადავჭრათ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვუთხრათ მათი საკითხები როდის იქნება მოგვარებული"- ამბობს ოხანაშვილი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 18% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, გამოკითხულთა 30%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.





