აშშ-ირანი

აშშ საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს

Reuters

გასულ კვირას საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა. მათი თქმით ობიექტების ხელახლა გამართვას კვირები დასჭირდება.

აშშ დრონებით მოწყობილ ამ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ თავდასხმის უკან თეირანი დგას. მან უარყო ინფორმაცია, რომ თავდასხმის უკან ირანის მიერ მხარდაჭერილი ეიმენელი ჰუსიტი ამბოხებულები დგანან. ირანი აშშ-ს სიცურეში ადანაშაულებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"საუდის არაბეთის ნავთობის მარაგს დაესხნენ თავს. გვაქვს საბაბი ვიფიქროთ, რომ ვიცით ვინ არის დამნაშავე, ბრძოლისათვის მზად ვართ, ველოდებით დადასტურებას. ველოდებით ინფორმაციას სამეფოსაგან, ვინ მიაჩნიათ რომ დგას თავდასხმის უკან და რა პირობებით უნდა ვიმოქმედოთ!"

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რეგიონში დრონებით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ ირანს ადანაშაულებს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

კომენტარები