ანაკლიის პორტი

ხაზარაძე: სახელმწიფომ ანაკლიის ინვესტორს უთხრა, ჩვენ თქვენნაირები არ გვინდაო

TBC ბანკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პალიტრა ნიუსის ეთერში თქვა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის შეხვედრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში "კატასტროფულად ჩაიარა".

"ჩვენ ორი ინვესტორი გვყავს მზად. ერთი უკვე აქ იმყოფება, სამი დღეა, რომელთანაც ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ახლად არჩეულ [კონსორციუმის] ბორდის წევრებთან ერთად. შეხვედრამ ჩაიარა კატასტროფულად. პრაქტიკულად, სახელმწიფომ მინისტრის სახით უთხრა -"ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა."

მამუკა ხაზარაძემ მოგვიანებით, გადაცემა მთავარ აქცენტებში საუბრისას თქვა, რომ ეს ბრიტანული კომპანია მერიდიანი იყო.

"ეს არის რეპუტაციული, საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მუშაობს 10-ზე მეტ ქვეყანაში. პორტფელში აქვთ დაწყებული ნიუ-იორკში უზარმაზარი მშენებლობით, დამთავრებული უამრავი აეროპორტით."

ხაზარაძემ იმავე გადაცემაში სტურმობისას თქვა, რომ თუ მომდევნო ორ თვეში მთავრობა ინვესტორებს ვერ შეუთანხმდა, ანაკლიის პორტი არ აშენდება.

"თუ გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული უახლოეს ორ თვეში, ანუ, თუ არ მოხდა ყველა მხარის შეჯერება, ეს არის ბანკები, ინვესტორები, სახელმწიფო და ა.შ, ანაკლიის თემა გადაიდება. გადაიდება იმ მოტივით, რომ ვერ შევთანხმდით, შესაბამისად, არ აშენდება." - ამბობს ის.

29 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუხანგრძლივა.

ხაზარაძის თქმით, "15 ოქტომბერს უნდა წარდგენილ იქნას კონსორციუმის მხრიდან ინვესტორის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მზად არის, რომ ინვესტიცია ჩადოს. ამავე დროს, უნდა მოხდეს შეთანხმება დამფინანსებელ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის."

ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორები მთავრობისგან რვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის კი ყველაზე სადაო ტვირთების ღირებულების დაზღვევაა მთავრობის მხრიდან.

კომენტარები