აშშ - უკრაინა

აშშ-მა უკრაინას სამხედრო სფეროში დახმარების სახით 250 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

დონალდ ტრამპი
BBC

12 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას სამხედრო სფეროში დახმარების სახით 250 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. 

უკრაინის მხარე თვლის, რომ ეს დახმარება ქვეყნის სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებისა და რუსული აგრესიის საკონტროლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. წერტილი. დასრულდა განხილვა," - განაცხადა ლუიზიანის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კენედიმ.

2017 წელს უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 5,2 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ამრიგად, აშშ-ისგან მიღებული 250 მილიონი აშშ დოლარის დახმარება ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს, დაახლოებით, 5%-ით გაზრდის.

გასულ წელს უკრაინამ აშშ-ისგან ჯაველინების სისტემა შეისყიდა. "მე გულწრფელად მადლობელი ვარ დონალდ ტრამპის სამართლიანი გადაწყვეტილებისა, მხარი დაუჭიროს უკრაინას თავიუსფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. ვაშინგტონმა არა მხოლოდ შეასრულა ჩვენი ერთობლივი შეთანხმება, არამედ აჩვენა ლიდერობის მნიშვნელოვანი მაგალითი," - აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

გასულ თვეს უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტეილორმა თქვა, რომ უკრაინას მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის ჯაველინების სისტემის შეძენა სურს.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი უკრაინაში, დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები