NATO- საქართველო

თალაკვაძე: წინადადებების განხილვა უნდა მოხდეს NATO-ს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირებისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო-ში გაწევრიანების და კონკრეტული წინანადების განხილვა უნდა მოხდეს ქვეყნის ძირითადი პარტიორებისა და ევროატლანტიკური ალიანსის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

ასე ეხმაურება არჩილ თალაკვაძე ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას, რომლის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს გაწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

თალაკვაძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო აკმაყოფილებს ნატო-ს ყველა ძირითად სტანდარტს და სტრატეგიულ მზადყოფნაშია გაწევრიანებისთვის.

"ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ და ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოსთვის ღია არის ნატო-ს კარი. ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და საქართველო აკმაყოფილებს ნატო-ს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენი სისტემები, დემოკრატიული ინსტიტუტები თავსებადია უკვე ნატო-ს სტანდარტებთან.

რაც შეეხება გაწევრიანების გადაწყვეტილებას, ასეთი გადაწყვეტილება და მასზე კონკრეტული წინადადების განხილვა რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ჩვენი ძირითადი პარტნიორების და ნატო-ს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ განხილვა მოხდეს გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქმე რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ამ თანამშრომლობის ფარგლებში და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მზადყოფნა ცალსახად ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის გაწევრიანება", - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვდრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

NATO-ს​ ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გწევრიანება მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცელებლად.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ნიშნავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის თქმას.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა:

"ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი - NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი მოწყობა შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს."

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არ გავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები