NATO-საქართველო

რასმუსენი: საქართველომ უნდა იფიქროს, NATO-ს მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი რომ არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცევლებლად გაწევრება.

"ცალსახად პრობლემურია, გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები გქონდეს რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ისმის შეკითხვა, როგორ შეიძლება ამის გადაწყვეტა? ვფიქრობ, უნდა განიხილოთ საქართველოს შიგნით, მოისურვებდით ასეთ შემთხვევაში დათანხმებოდით ისეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდებოდა? NATO-ში კი ზუსტად იმავე საკითხზე უნდა დავფიქრდეთ," - ამბობს რასმუსენი.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა:

"ჩვენ გვაქვს პრეცედენტი - გერმანია გაყოფილი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. გერმანია NATO-ს შეუერთდა 1955 წელს, თუმცა მხოლოდ დასავლეთი - NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. მაგრამ როცა გერმანია კვლავ გაერთიანდა 1991 წელს, NATO-ს წესები აღმოსავლეთზეც გავრცელდა. პრინციპში, მსგავსი შეთანხმება შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც შედგეს."

რასმუსენის შეფასებით, თუ საქართველო ამ საკითხს დროულად არ მიხედავს, რუსეთს მუდამ ექნება ბერკეტი, რომლითაც შეძლებს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეაფერხოს.

"რა თქმა უნდა, ამის განხილვა საკამათოა საქართველოშიც და NATO-შიც. მაგრამ მგონია, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. რადგანაც თუ ასე არ ვიზამთ, პრეზიდენტ პუტინს დე-ფაქტო ვეტოს უფლებას გადავცემთ, რომელიც მუდამ შეძლებს საქართველოს, უკრაინისა და სხვა მეზობელი ქვეყნების NATO-ში გაწევრება აღკვეთოს კონფლიქტების გამწვავებითა და შენარჩუნებით."

რას გულისხმობს მე-5 მუხლი და მისი დროებითი არგამოყენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ. 

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არგავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

კომენტარები