სირცხვილია

"კურიცი, ემზარი დაგჩინჩლავთ"- ზუგდიდის მერიის თანამშრომელი "სირცხვილიას" აქტივისტებზე

facebook

ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ, ზაზა ფარცვანიამ, აქცია "სირცხვილიას" აქტივისტების მიმართ Facebook-ზე შეურაცხმყოფელი პოსტები დაწერა.

მან დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელმაც 8 სექტემბერს, პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მხარი დაუჭირა. 

"ემზარი მაგარი კაცია"..."კურიცი, ნე ხადიტე ნა ულიცე, თორმ ემზარი დაგიჭერთ, დაგჩინჩლავთ და გაგიშვებთ"- წერს ფარცვანია. 

მან აქტივისტებს აგინა კიდეც, თუმცა მოგვიანებით ფეიბუქ პოსტი წაშალა.

 

როგორც მან რადიო ათინათს უთხრა, მისი პირადი ფეისბუქი პირადი სივრცეა და საკუთარ აზრს სოციალურ ქსელში ამიტომაც აფიქსირებს.

"ეს ადამიანები არიან მართულები და 20 ადამიანის მოთხოვნა მოთხოვნაა და 2 მილიონის არა?უკვე გამაღიზიანებელია ამ პროვოკატორების საქციელი, ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან და ისე არ უნდათ ქვეყნისთვის კარგი, როგორც მე ჩინეთისთვის"- უთხრა ფარცვანიამ ათინათს

ტაბულა ფარცვანიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფარცვანია მსგავსი შინაარსის, შეურაცხმყოფელ, სექსისტურ და ქსენოფობიურ პოსტებს წერს

ზუგდიდის მერიაში ტაბულას უთხრეს, ყველანაირი შეურაცხმყოფელი ფორმა მიუღებელია. 

"შიდა აუდიტი სწავლობს ამ საკითხს და ამის შემდეგ დადგინდება სანქციის ფორმა. მიუღებელია, ჩვენ ვემიჯნებით ისეთ ფორმებს რომელიც მეორე ადამიანის ღირსებას ლახავს"- ამბობენ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში.

კომენტარები