დაპირისპირება პარლამენტთან

ზუკა ბერძენიშვილი: კვიციანმა დამარტყა, არ დააკავეს, ისევ დამარტყა, მაინც არ დააკავეს (VIDEO)

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე ზუკა ბერძენიშვილის თქმით, მას პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა სამჯერ დაარტყა, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციას პარლამენტის მოძალადე წევრი არ დაუკავებია. ბერძენიშვილი ძალადობის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.

"ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია. პასუხი არ გავეცი და პოლიციას მოვუწოდე, დაეკავებინა. არ დააკავეს. ისევ დამარტყა. ისევ არ გავეცი, ისევ მოვუწოდე, ისევ არ დაკავეს და ისევ დამარტყა. ეხლა ინაშვილმა პარლამენტთან კონტრაქცია დაანონსა და ან პოლიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას და ღირსებას! ასეთი ქვეყანა გვაქვს ამ წუთებში" - წერს ბერძენიშვილი.

ანტისაოკუპაციო აქცია "სირცხვილია" კონტრაქცია 16:00-ზე დაიწყება.  პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის წინაც მოუწოდა "პატრიოტებს" შეკრებისკენ. შემდეგ კი, მიმართვა "ფეისბუქზე" გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 8 სექტემბერს, 16:00-ზე, პატრიოტთა ალიანსს შეკრება სპორტის სასახლეში ჰქონდა დაანონსებული. სწორედ იმ ადამიანებს მოუწოდა ემზარ კვიციანმა "პირდაპირ პარლამენტთან" მისვლისკენ. 

ემზარ კვიციანი დღეს ანტისაოკუპაციო აქციის მოწყობილმა სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა და აქტივისტებთან მივიდა. მას რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, აქტივისტებს და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, აგინა პოლიციას. ემზარ კვიციანი ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ.

კომენტარები