სამთავრობო ცვლილებები

კახიძე: გახარიას მინისტრთა კაბინეტის მოსმენას არ ვაპირებთ, რადგან ეს საზოგადოების დაცინვაა

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე განმარტავს, თუ რატომ არ შევიდა პარტია მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენაზე. 

კახიძე ამბობს, რომ პარტია გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის მოსმენას არ აპირებს, რადგან ეს ქართული საზოგადოების დაცინვა და მათი გამოწვევაა. 

"ეს არის სრულიად თავხედური, უტიფარი ნაბიჯი მათი მხირდან, რომ გავრილოვის ღამეზე მთავარი პასუხისმგებელი პირი, ვისმა დანაყოფებმაც თვალები დათხარეს და დაასახიჩრეს ადამიანები, ჟურნალისტები და მოიქცნენ სრულიად სამარცხვინოდ და ველურად და ამაზე არავის პასუხი არ უგია.

ამ პირობებში ამ შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერად დაწინაურება არის იმდენად თავხედური ნაბიჯი, რომ ჩვეულ რეჟიმში, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩართვას და რაღაც სამთავრობო პროგრამების განხილვას ჩვენ არ ვაპირებთ. ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებას, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ და ვაკეთებთ,"- ამბობს კახიძე.

დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოებისგან არჩევნებზე პოლიტიკურ განაჩენს მიიღებს და ევროპული საქართველო ოპოზიციურ პროდასავლურ ფონზე ერთერთი პირვენი იქნება, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას უზრუნველყოფს. 

ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საკომიტეტო მოსმენების ბოიკოტს ქართული ოცნების დეპუტატები გამოეხმაურნენ, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ თუკი ოპოზიციას მმართველი გუნდის კურსთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ისინი სხდომას უნდა დასწრებოდნენ და იქვე დაესვათ ეს კითხვები. კახიძე კი ამბობს, რომ მმართველი გუნდის კურსი ისედაც ნათელია. 

"რაც შეეხება ზოგადად მათ კურსს, როგორც მიჰყავთ საქმე, გნებავთ საგარეო მიმართულებით, როგორც მიჰყავთ საქმე ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუ ადამიანის უფლებების კუთხით, ეს ისედაც ნათელია. მათი ხელწერა არ არის, როგორც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რეზინის ტყვიების სროლა და აქედან 15 წუთში დაიწყეს ხალხის დასახიჩრება. ისინი მდგრად ეკონომიკურ განვითარებას პირდებოდნენ ადამიანებს და ლარი არათუ გაამყარებს, არამედ 1.64-დან უკვე 3 ლარს გადასცდა. ჩვენ გვაქვს ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ათწლეულები ვერ დავეწევით ევროპის ყველაზე გაჭირვებულ ქვეყანასაც კი," - ამბობს კახიძე. 

დღეს, 4 სექტემბერს პარლამენტში ახალი მთავრობის წევრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. კომიტეტზე პარლამეტნმა მინისტრობის სამ კანდიდატს, დავით ზალკალიანს, მიხეილ ბატიაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმინეს, თუმცა სხდომას ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არ ესწრებოდნენ. 

მოსმენები პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების პროტესტის და სასტვენების ხმის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეები ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მმართველმა გუნდმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა.

ახლა უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად 3 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე წარადგინა. 

ამას წინ უძღოდა 20 ივნისის ღამე, რომელიც შსს-მ ძალადობრივად რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლები დაარბია. აქციის ძალადობრივად დარბევის შედეგად 160 სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის სამმა ადამიანმა ცალი თვალი დაკარგა. 

პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები 77 დღეა ითხოვენ, გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და გადადგეს.

კომენტარები