ბულგარეთი

ბულგარეთი რუსეთს სთხოვს, ქვეყანაში წითელი არმიის შესვლა "გათავისუფლებად" არ მოიხსენიოს

sofiaglobe

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს მიმართა, რომ ქვეყანაში წითელი არმიის შესვლა "გათავისუფლებად" არ მოიხსენიოს. მიმართვა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელდა.  

სოფიაში 9 სექტემბერს გამოფენაა დაგეგმილი, რომლის სახელწოდებაც "აღმოსავლეთ ევროპის ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წელი" ჰქვია.  

"არ უარვყოფთ ევროპაში ნაციზმის დამარცხებაში სსრკ-ს ღვაწლს, მაგრამ არ უნდა დავხუჭოთ თვალი იმაზე, რომ საბჭოთა ჯარმა ნახევარსაუკუნოვანი რეპრესიები მოიტანა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. შეაჩერა ეკონომიკური პროგრესი და შეცვალა სამოქალაქო ცნობიერება. ჩვენ იზოლირებული ვიყავით დინამიკური პროგრესის მქონდე ევროპული ქვეყნებისგან,"-წერია განცხადებაში.  

ბულგარეთში რუსეთის საელჩოს თქმით, ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით იმედგაცრუებულნი არიან. გამოფენის მიზანი კი საარქივო მასალების ჩვენებაა და, მათივე თქმით, არანაირი კავშირი არ აქვს ბულგარეთის დღევანდელ პოლიტიკურ დისკუსიასთან.  

1944 წლის სექტემბერში წითელი არმია ბულგარეთში შევიდა. ჯარებმა ბულგარეთისა და ნაცისტური გერმანიის ჯარის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარეს, დაითხოვეს პარლამენტი და სახელმწიფო სტრუქტურების წმენდა დაიწყეს. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სსრკ-ს ქვეყნის დროებით ოკუპაციაში ადანაშაულებს. 

კომენტარები