დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ არ მოუტყუებია, როდესაც 2014 წელს თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის პასპორტი ნანახი აქვს.
ამის შესახებ კითხვა მას პარლამენტის წინ მიმდინარე გადაცემის დროს აქციის ერთერთმა მონაწილემ, ბექა კოკაიამ, დაუსვა. თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ბესელიას მის მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა და ჰკითხა, მსგავსი ტიპის მესიჯები ივანიშვილთან თანხმდება ხოლმე, თუ "ქართული ოცნების" წევრები იმპროვიზირებენ ხოლმე, როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ გუნდის ლიდერთან დაკავშირებით.
"სხვათა შორის, ის პასპორტიც ნანახი მაქვს, ხელშიც მეჭირა ის პასპორტი იმიტომ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის დროს სასამართლო პროცესზე გამოვდიოდი და არასდროს სხვისი მესიჯებით არ ვლაპარაკობდი. რასაც ვფიქრობდი, იმას ვლაპარაკობდი ყოველთვის და ამის გამბედაობა არასდროს მაკლდა პატარა ასაკიდან დღემდე. შეიძლება, რაღაც შეცდომებს ვუშვებდი, მაგრამ ჩემით ვუშვებდი იმ შეცდომებს. არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რასაც ჩასძახებენ, იმას რომ ამოსძახებს,"- თქვა ბესელიამ.
2014 წელს ლეიბორისტული პარტიის ერთერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, საპასუხოდ, ეკა ბესელიამ გადაცემა რეაქციაში ივანიშვილის პატრიოტიზმზე ილაპარაკა.
"როცა მე ბატონ ბიძინას პირველად შევხვდი და მის პასპორტს ჩავხედე, გაოცებული დავრჩი, რადგან ის 5 წლის განმავლობაში გასული არ იყო ქვეყნიდან და როცა ვკითხე, დასასვენებლად მაინც არ წასულხართ, ბატონო ბიძინა-მეთქი, მიპასუხა, არსად არ მინდა, ჩემი ქვეყნის გარდაო," - თქვა მაშინ ბესელიამ.