რუსული ოკუპაცია

ქემოკლიძე: შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა, შევთანხმდით დეესკალაციისთვის ნაბიჯებზე

1tv.ge

ოკუპირებულ სოფელ წნელისში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის თქმით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და მხარეები დეესკალაციისთვის ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. სოფელ ჩორჩანაში ქართული მხარის მიერ აგებული საგუშაგო რჩება. შემდეგი შეხვედრა მომავალ კვირას ჩაინიშნა.   

"შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. შეხვედრაში მონაწილე მხარეები შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. ამის გარდა შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში. აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან დიდი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ შევუდგებით დღეიდანვე",-თქვა ქემოკლიძემ.   

შეხვედრას კახაბერ ქემოკლიძე, სუს-ის წარმომადგენლები და ეუთოს სადამკვირებლო მისია ესწრებოდა. შეხვედრის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასთან აგებული საგუშაგო იყო, რომლის დაშლაზე ქართული მხარე უარს აცხადებს.  

​შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები