რუსული ოკუპაცია

ციხელაშვილი: ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება, დეესკალაციისკენ არის მიმართული

30 აგვისტოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ იყო მიმართული.

"ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი რომელიც იდგმება არის მიმართული დეესკალაციისკენ სიტუაციის და ზოგადად, რათქმაუნდა, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენ, ისევე როგორც პოლიციის ეს საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით განცხადებები, რომელიც ვრცელდებოდა თავისი ხასიათით იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი ყველა თვალსაზრისით არამხოლოდ სამართლებრივი, ცხადია. ჩვენ გვაქვს იმედი ახლა იმისა, რომ შედგება ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება. ადგილზე გახლავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის თანათავმჯდომარე," - აღნიშნა მან.

ციცხელაშვილის თქმით, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ სიტუაციის ესკალაცია არავის ინტერესშია - "მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ შედის რამე ტიპის ესკალაცია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის ინტერესში ეს არ და ვერ იქნება, საოკუპაციო ხაზის როგორც აქეთ, ასევე იქით მხარის - იქნება ეს ჩორჩანა თუ წნელისი ამას არა აქვს მნიშვნელობა და რათქმაუნდა ქართული მხარისთვისაც აბსოლუტურად თანაბრად მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება და აქთკენ არის მიმართული ძალისხმევები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი მოწოდება და გამოვხატო იმედი, რომ ნებისმიერი განცხადებისა თუ მოქმედებისგან, რომლის დაანონსებაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში ყველა შეიკავებს თავს და მოხდება რეალურად ადგილზე სიტუაციის განმუხტვა. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, უსაფრთხოების და რათქმაუნდა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე".

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები