რუსული ოკუპაცია

ზალკალიანი: ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეტალურადაა ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობა და ამოქმედებულია მთავრობის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი:

"უშინ მთელი ღამის განმავლობაში დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩვენი პარტნიორები, ყველა ძალიან დეტალურად არის ინფორმირებული, მათი მხრიდანაც არის შესაბამისი მექანიზმები ამოქმედებული, რათა ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად, დეესკალაცია აუცილებელია."

ზალკალიანი მოუწოდებს პროცესში ჩართულ მხარეებს, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას:

"ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში, მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ამ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს."

შუადღისას, ოკუპირებულ სოფელ წნელისში შეხვედრა მიმდინარეობდა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასა და ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებს შორის.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა, მას შემდეგ, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე "სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი, მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები