რუსული ოკუპაცია

ქემოკლიძე: ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასროლა არ მომხდარა, ვითარება სტაბილურია

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასროლა არ მომხდარა, ხოლო სროლის ხმა, რომელიც ახლოს მყოფმა ადამიანებმა გაიგეს, სავარაუდოდ, სამხრეთის ზონიდან იყო და სამონადირეო სეზონს უკავშირდებოდა. 

"ამ დროისთვის ადგილზე ვითარება არის სტაბილური. არის სიმშვიდე. რაც შეეხება გასროლას, ჩვენი ინფორმაციით, ეს გასროლა განხორციელდა არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ სამხრეთის ზონიდან, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს აქტიურ სამონადირეო სეზონს", - ამბობს კახაბერ ქემოკლიძე. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით: 

"მთელი ღამის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდით აქ. სიტუაცია სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს. ასევე, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობით დარეგულირდეს ყველა სადაო საკითხი, ყოველგვარი ექსცესებისა და გამწვავების გარეშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუაცია არის სტაბილური და ექვემდებარება კონტროლს". .

მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ულტიმატუმი, აეღოთ საგუშაგო ბლოკპოსტი საოკუპაციო ხაზის ახლო ტერიტორიიდან, არ შეასრულა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სროლის ხმა ისმის. 

ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშლილა და მისი გამაგრება ამ წუთებშიც გრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ ქართულ მხარეს ულტიმატუმი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა - დე ფაქტო წარმომადგენლობის თქმით, თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი "კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ".

სოფელი წნელისი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, საგუშაგო კი საქართველოს კონნტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანაში აიგო. საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. 

მთელი ღამის განმავლობაში სოფელ ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ასევე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ აქ დღის განმავლობაში ასევე ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ასევე, შესაძლოა შედგეს შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

"მე ამას დრამატულად არ შევხედავდი, ეს არის ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენ ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად, წყნარად დარეგულირება". 

რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ ის პირადად სხვა დროსაც შესწრებია მსგავსი ტიპის საუბრებს ერგნეთის შეხვედრაზე. 

ერგნეთის ინციდენტებზე რეაგირების და მათი პრევენციის მექანიზმის მოლაპარაკებებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა 29 აგვისტოს თქვა, რომ მათთვის "მიუღებელი იყო საგუშაგო პოსტის მოტანა "საზღვრიდან" 250 მეტრამდე, ვინაიდან ეს საფრთხის შემცველია". 

"ქართველმა პოლიციელებმა გაიყვანეს გზა, პირდაპირ სამხრეთ ოსეთის სოფელთან. ამ რაიონში ჩვენ დიდი ხანია, ვთავაზობთ ქართველებს, კონსტრუქციულად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და გავავლოთ სასაზღვრო ხაზი". 

როგორც მან სააგენტო რეს-ს უთხრა, ერგნეთში გუშინდელ შეხვედრაზე "ერთი საკითხი იქნა განხილული - საგანგებო მდგომარეობა სოფელ წნელისთან, სადაც ქართულმა სპეცსამსახურებმა პროვოკაციულად დადგეს საგუშაგო კოშკი, როგორც ისინი ამას თავად უწოდებენ. ჩვენი მხარის ერთადერთი მოთხოვნაა, ქართულმა პოლიციელებმა ტერიტორია დატოვნ". 

"ჩვენთვის მიუღებელი იყო საგუშაგო პოსტის მოტანა "საზღვრიდან" 250 მეტრამდე, ვინაიდან ეს საფრთხის შემცველია. ასევე, ქართველმა პოლიციელებმა გაიყვანეს გზა, პირდაპირ სამხრეთ ოსეთის სოფელთან. ამ რაიონში ჩვენ დიდი ხანია, ვთავაზობთ ქართველებს, კონსტრუქციულად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და გავავლოთ სასაზღვრო ხაზი. 

მაგრამ საქართველოს დელეგაციამ განაცხადა, რომ პოსტი საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ამავე დროს, მათ არ შეუძლიათ წარუდგინონ რაიმე დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს მათ უსაფუძვლო განცხადებებს. 

სამხრეთ ოსეთის მხარემ შეწყვიტა დიალოგი, ვინაიდან ქართული მხარე არ წავიდა კომპრომისზე და არ სურს მიზეზების მოსმენა. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დააყენა პირობა, აიღონ პოსტი პარასკევს დილის 6 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხარე მიიღებს კანონით დადგენილ ყველა ზომას", - ამბობს ეგორ კოჩიევი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, სადაც 10 საკითხის განხილვა იგეგმებოდა, ჩაიშალა.

კომენტარები