კომედი ჯგუფი

კომედი ჯგუფის ნაწილი რუსთავი 2-ზე რჩება, ნაწილი "მთავარ არხზე" გადადის

"კომედი ჯგუფის" ნაწილი რუსთავი ორზე რჩება. ამის შესაბ კომედი შოუს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ასევე წერია, რომ ჯგუფის ნაწილი ახალ "მთავარ არხზე" გადადის. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2 დატოვა და მთავარ არხზე გადავიდა ვანო ჯავახიშვილიც.

"რუსთავი 2-ზე 16 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, "კომედი ჯგუფის" ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, გადასულიყო "მთავარ არხზე". წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებს.

გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ისევ რუსთავი 2-ის ეთერში ვიტყვით ჩვენს სათქმელს, მაყურებლის საყვარელი გადაცემებით და სხვა მრავალი სიახლით. ასევე, სრული დატვირთვით დაგიბრუნდებათ (ძველ სიხშირეზე) თქვენი უსაყვარლესი "კომედი არხი," - წერია განცხადებაში.

რუსთავი 2 კურიერის გუნდმა რამდენიმე დღის წინ დატოვა. არხიდან წავიდა ვანო ჯავახიშვილი, ასევე შაბათისა და კვირის შუადღის წამყვანები. რუსთავი 2 დატოვა P.S-ის გუნდმა.

21 აგვისტოს შემდეგ რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" ეთერში არ გასულა. ახალი ამბები არც ვებ გვერდზე გამოქვეყნებულა. ეთერში მხატვრული ფილმები და სერიალები გადის. 

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა. 

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა. 

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე. 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, "მთავარი არხი" დაარეგისტრირა, დღეს, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს

კომენტარები