ხაზარაძის და ჯაფარიძის თქმით, მთავრობამ ბრიტანეთში მათი ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

TBC ბანკის დამფუძნებლებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ მოითხოვა მათი ანგარიშების დაყადაღება გაერთიანებულ სამეფოში.

"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილნი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომლებიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. ცხადია, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როცა მიმართავს სახელმწიფო უწყება, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური დევნის ინტრუმენტი," - ამბობს ჯაფარიძე.

მისი განცხადებით, სასამართლოს არ გადაუმოწმებია, რამდენად საფუძვლიანი იყო პროკურატურის ეჭვი, ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა, რომელიც ბრიტანეთში გადაიგზავნება.

შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძის და ხაზარაძის ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნით საქალაქო სასამართლომ 20 აგვისტოს დააყადაღა. 26 აგვისტოს ორივე მათგანმა 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა.

კომენტარები