რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: R2-ის ჟურნალისტები თუ მობრუნდებიან, ვიქნებით ბედნიერები, თუ არა, ახალს მოვძებნით

ipress.ge

რუსთავი 2-ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის თქმით, თუ წასული ჟურნალისტები დაბრუნდებიან, ბედნიერები იქნებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არხისთვის ახალ ჟურნალისტებს მოძებნიან. მისივე თქმით, ჟურნალისტები, რომლებმაც არხი დატოვეს, შანტაჟისა და ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ. ამის შესახებ მან "იმედთან" ინტერვიუში ისაუბრა.  

"ჩვენ ვფიქრობთ ახალ კადრებზეც და ძველებზეც. ჩვენ ვიქნებით ობიექტური, კრიტიკული ტელევიზია და ძველი კადრებისთვის სამუშაო არის. არ ექნებოდათ არავითარი შეხება. ვფიქრობ, რომ შანტაჟისა და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. თუ მობრუნდებიან, ვიქნებით ბედნიერები, თუ არა და ახალს მოვძებნით",-თქვა ხალვაშმა.  

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაში არხიდან ჟურნალისტების წასვლას სააკაშვილსა და გვარამიას აბრალებს. მისი თქმით, "ტელევიზიის ფინანსური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო".   

რუსთავი 2 კურიერის ჟურნალისტებმა, ოპერატორების ნაწილმა, P.S-ის გუნდმა და შუადღის წამყვანებმა დატოვეს. მეოთხე დღეა, რუსთავი 2-ის ეთერში არ გადის საინფორმაციო გამოშვება. მათ ნაცვლად, ეთერში მხატვრული ფილმები გადის. 

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა. 

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა. 

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე.  

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები