რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ყოფილმა მფლობელებმა განცხადება გაავრცელეს

რუსთავი 2-ის ყოფილმა მფლობელებმა განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში ისინი მადლობას უხდიან იმ ადამიანებს, რომლებიც ამ არხისთვის წლების განმავლობაში მუშაობდნენ. განცხადებას ხელს აწერს ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია საქართველოს სახელით ნიკოლოზ ნაყოფია.

"რუსთავი 2 მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის ასოცირდებოდა საკუთარი საქმის სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამორჩეული ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდთან. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული სიტყვები რუსთავი 2-ელების უზუსტესი დახასიათებაა.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც წლების განმავლობაში დაუღალავად და თავდაუზოგავად შრომობდა, რათა რუსთავი 2 ყოფილიყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვასთან ასოცირებული, ლიდერი კომპანია ქართულ სატელევიზიო ბაზარზე.

რუსთავი 2 იყო არა ლოგოს, ბრენდისა და შენობების, არამედ იმ ადამიანების ძალისხმევით შექმნილი ერთობა, რომლებიც ქმნიდნენ მის შინაარსს და, ამით, ქვეყნის ისტორიასაც.

გუშინ თქვენ მთელ საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენეთ გაუტეხლობის, პატრიოტიზმის, პროფესიისადმი ერთგულებისა და, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, სამოქალაქო გმირობის მაგალითი. გვჯერა, სადაც არ უნდა გააგრძელოთ მოღვაწეობა, ყველგან კვლავ იდგებით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. 
წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ!

ლევან ყარამანაშვილი
გიორგი ყარამანაშვილი
ტელეკომპანია საქართველოს სახელით - ნიკოლოზ ნაყოფია", - წერია განცხადებაში.

რუსთავი 2 გუშინ და დღეს კურიერის ჟურნალისტებმა, ოპერატორების ნაწილმა, P.S-ის გუნდმა და შუადღის წამყვანებმა დატოვეს. მესამე დღეა, რუსთავი 2-ის ეთერში არ გადის საინფორმაციო გამოშვება. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. 

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა. 

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა. 

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე.  

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, "მთავარი არხი" დაარეგისტრირა, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს. 

კომენტარები