ანაკლიის პორტი

მამუკა ხაზარაძე: მოვუწოდებ რუსული პაგონების ქვეშ ჩამალულ ხალხს, ანაკლიას ავაშენებთ

მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ისაუბრა.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარაძი პროკურატურაში ბრალის დაზუსტების მიზნით იყვნენ დაბარებულები.

"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ეს ე.წ. მე-5 კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ. არის უსაფრთხოებისა და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული პაგონების ქვემოთ, რომ არაფერი არ გამოგივათ, ანაკლია ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 15 აგვისტოს ტაბულას დაუდასტურა, რომ პროექტიდან ამერიკული კომპანია კონტი ჯგუფი გავიდა. TBC ჰოლდინგთან ერთად, კონტი კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს კონტი ჯგუფს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო.

ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორები მთავრობისგან რვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის ყველაზე სადაო ტვირთების ღირებულების დაზღვევაა მთავრობის მხრიდან.

კონტის პროექტიდან გასვლა TBC-ის გარშემო მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებსაც უკავშირდება - მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს, ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭო ორივემ დატოვა.

კომენტარები